
ნათლისღების დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იძენს. მორწმუნეები მას ავადმყოფობის დროს ან ყოველდღიურად იღებენ და სახლში ასხურებენ. ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.






