
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა – ამერიკელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ირანთან ომის დაწყება არ ღირდა
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ირანთან ომის დაწყება არ ღირდა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკელების მხოლოდ მეოთხედი ფიქრობს, რომ კონფლიქტი გაწეულ ხარჯებად ღირდა.
როგორც „როიტერი“ წერს, ხუთდღიანმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ირანთან ომმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ტრამპის პოპულარობის შემცირებაზე. მისი საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 34%-მდე დაეცა. აღნიშნული მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რომელიც ბოლოს აპრილში ჩატარებული კვლევის დროს დაფიქსირდა.
გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების მხოლოდ 23% ფიქრობს, რომ აშშ ახლა ირანთან მიმართებით უფრო ძლიერ პოზიციაშია, ვიდრე ომამდე იყო.
ამასთან, 35% მიიჩნევს, რომ აშშ-ის პოზიცია უფრო სუსტია, ხოლო დანარჩენებმა განაცხადეს, რომ ვერ აფასებენ მდგომარეობას ან ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.
გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ მშვიდობას ვერ მოიტანს. ამ მოსაზრებას იზიარებს გამოკითხული რესპუბლიკელების დაახლოებით ნახევარი და დემოკრატების დაახლოებით 80%. მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ შეთანხმებამ შესაძლოა, გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოს – მათ შორის დემოკრატების 10% და რესპუბლიკელების 34%.
ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, დამოუკიდებელ ამომრჩევლებში მხოლოდ 17% ამბობს, რომ დღეს არჩევნები რომ ტარდებოდეს, საკუთარ ოლქში რესპუბლიკელ კანდიდატს მისცემდა ხმას. ამავე ჯგუფში 34% დემოკრატ კანდიდატს უჭერს მხარს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ტრამპის მიგრაციის პოლიტიკას მხოლოდ ამერიკელების 37% უჭერს მხარს – ეს მისი მეორე ვადის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. Reuters/Ipsos-ის წინა კვლევაში ეს მაჩვენებელი 40% იყო.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის 1 262-მა მოქალაქემ. შედეგების ცდომილების ზღვარი დაახლოებით სამი პროცენტული პუნქტია.





