• September

    16

    2026
  • 25
  • 0
ალექსანდრე დარახველიძე – ვიკა ფილფანმა გაავრცელა სიცრუე, არის მცდელობა, საზოგადოებას შეუქმნან განცდა, თითქოს ქვეყანაში უკონტროლო მდგომარეობაა, არ არის დაცული უსაფრთხოება, რასაც საფუძველი არ აქვს

ალექსანდრე დარახველიძე – ვიკა ფილფანმა გაავრცელა სიცრუე, არის მცდელობა, საზოგადოებას შეუქმნან განცდა, თითქოს ქვეყანაში უკონტროლო მდგომარეობაა, არ არის დაცული უსაფრთხოება, რასაც საფუძველი არ აქვს

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში, მის მიერ გაჟღერებული ციფრები იყო მანიპულაციური და არ შეესაბამება სიმართლეს. საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რაც არის მტკნარი სიცრუე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

კერძოდ, ალექსანდრე დარახველიძემ კომენტარი გააკეთა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის პირველ კვარტალში განზრახ მკვლელობის 532 ფაქტია რეგისტრირებული.

„ამის გადამოწმება ნებისმიერ ადამიანს მარტივად შეუძლია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ყოველკვარტალურად ქვეყნდება დანაშაულის სტატისტიკა – თავისი, ასე ვთქვათ, მომხდარი დანაშაულის რაოდენობის გათვალისწინებით, გახსნის მაჩვენებლის გათვალისწინებით. ასევე, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, შეადაროს წინა წლების ანალოგიურ პერიოდს.

რაც შეეხება განზრახ მკვლელობების რაოდენობას, პირველ კვარტალში, საუბარია 2026 წლის იანვარი-მარტის ჩათვლით, სულ დაფიქსირდა 15 განზრახ მკვლელობის ფაქტი და 15-ვე ფაქტი არის გახსნილი, შესაბამისი პირები, ვინც ეს ქმედება ჩაიდინეს, მიცემული არიან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. რას ნიშნავს ციფრი 532 და საიდან არის აღებული ეს მონაცემი? ეს არის მთლიანად ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საერთო ჯამი და ეს ციფრი მოიცავს ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულების, უფრო სწორად, დაწყებული გამოძიებების ჯამურ მაჩვენებელს.

საზოგადოებისთვის რომ კარგად ასახსნელი იყოს, 532-დან მხოლოდ 15 იყო განზრახ მკვლელობის ფაქტი, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 92% დაწყებული გამოძიებისა, არის თვითმკვლელობამდე მიყვანის და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის თაობაზე დაწყებული გამოძიების ჯამური მაჩვენებელი. ანუ, დაახლოებით 492 ასეთი ფაქტია.

რა შემთხვევებია ეს – შეიძლება, საზოგადოებას გაუჩნდეს კითხვა, ამდენი ადამიანი თუ გარდაიცვალა, მაშინ რასთან გვაქვს საქმე? მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა, გარკვეული კითხვები არსებობდეს ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პოლიცია ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება. ეს შეიძლება, იყოს ადამიანის ბუნებრივად გარდაცვალება ან რაღაც გაურკვეველ ვითარებაში მოხდეს ადამიანის გარდაცვალება. ყველა ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით – ეს არის თვითმკვლელობამდე მიყვანა, ან გაუფრთხილებლობით ადამიანის გარდაცვალების, 116-ე მუხლით იწყება გამოძიება და შემდგომში დგინდება ფაქტობრივი გარემოებები, რამ გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება. მხოლოდ სამ შემთხვევაში, ანუ 492-დან მხოლოდ სამ შემთხვევაში დადასტურდა ისეთი შემთხვევა, როდესაც შესაძლოა, რაიმე დანაშაულებრივ გარემოებას ჰქონოდა ადგილი, დანარჩენ შემთხვევაში გრძელდება გამოძიება და შესაბამისი გარემოებები დგინდება.

ასე რომ, მთავარი სიცრუე, რაც ვიკა ფილფანმა გაავრცელა, არის, რომ 532 განზრახ მკვლელობა მოხდა ქვეყანაში. ასეთი რაოდენობა არათუ ერთი კვარტლის განმავლობაში, არამედ მთელი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, უკვე რამდენიმე წელია. ჯამში, ქვეყანაში ხდება დაახლოებით 70-დან 80-მდე განზრახ მკვლელობის შემთხვევა და ამ ციფრის გადამოწმებაც საზოგადოებას ძალიან მარტივად შეუძლია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დარახველიძის თქმით, შინაგანი საქმეთა სამინისტრო არცერთ მონაცემს არ მალავს და ყველა კვარტლის ბოლოს ქვეყნდება სტატისტიკა.

„მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი საზოგადოების წინაშე გამოძიებების დაწყების მაჩვენებლის საერთო ჯამი, თითქოს ეს იყო განზრახ მკვლელობების ჯამური მაჩვენებელი, მაშინ როდესაც ეს არის გამოძიების დაწყების მაჩვენებელი. უმრავლეს შემთხვევაში, შეიძლება, საერთოდაც არ იყოს და ასეც სრულდება ხოლმე. ამის ნათელი მაგალითია, რომ 115-ე და 116-ე მუხლებით დაწყებული გამოძიებიდან მხოლოდ სამ შემთხვევაში არის დაფიქსირებული კრიმინალის შესაძლო შემთხვევები, დანარჩენ შემთხვევაში გრძელდება გამოძიება“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ასევე მანიპულაციურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 1804 შემთხვევა მოხდა.

„ესეც არის მტკნარი სიცრუე და ასეთ ინფორმაციასაც არ ვადასტურებთ. ესეც მარტივად გადამოწმებადია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. ამ 1804-ში ძირითადად, 90%-მდე არის გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ძალადობის და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ანუ, აქაც მარტივი სიცრუეა. აქაც წარმოჩნდა მთლიანად ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების თავით გათვალისწინებული გამოძიების დაწყების ჯამური მაჩვენებელი – საზოგადოებას მიეწოდა, თითქოს ეს არის მთლიანად დაჭრების მაჩვენებელი, მაშინ როდესაც, ჯამში, არის ასეთი 85 ფაქტი და, ფაქტობრივად, 90%-მდე არის გახსნილი ასეთი დანაშაულები. აქაც სიცრუე იქნა მიწოდებული საზოგადოებისთვის.

ანუ, დაჯამებულ ციფრში შეყვანილი არის ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი და ჩვეულებრივი ძალადობის მაჩვენებელი. ვინაიდან ეს დანაშაულები ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში შედის, ვიკა ფილფანმა გააერთიანა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს 1804 დაჭრა მოხდა ქვეყანაში, ისევე როგორც 532 განზრახ მკვლელობა. აქაც მანიპულაციურად იქნა საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს, ზუსტი ინფორმაცია მიიღოს, სამინისტროს ვებგვერდზე, police.ge-ზე, საჯარო ინფორმაციის გვერდზე ყოველკვარტალურად ქვეყნდება სტატისტიკა დანაშაულის შესახებ, სადაც შედარებულია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან თითოეული მუხლი, რაც სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული.

დათვლილია მომხდარი დანაშაულის, სავარაუდო დანაშაულის შესახებ მონაცემები, გახსნის მონაცემები და შეგიძლიათ, შეადაროთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს იმავე ცხრილში.

ასე რომ, მარტივი მანიპულაციის, ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან გვქონდა საქმე. შესაბამისად, შინაგანი საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურად მუშაობას, რათა თითოეული ძალადობრივი შემთხვევა, თითოეული დანაშაული, რომელზეც მივიღებთ ინფორმაციას, სრულყოფილად იქნეს გამოძიებული და დანაშაულის ჩამდენი პირები დროულად მიეცნენ შესაბამის პასუხისგებაში.

ჩვენ ყოველკვარტალურად ვაქვეყნებთ დანაშაულის საერთო რაოდენობას, შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელიც ქვეყნდება, დაახლოებით 70%-ს აღემატება გახსნის მაჩვენებელი და ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი. ქალბატონ ვიკას შეუძლია, შეადაროს წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან, მაშინ, როდესაც, მაგალითად, 2018 წელს, 2017 წელს, შეიძლება, 30%-იც არ იყო გახსნის მაჩვენებელი.

ასე რომ, აქაც საქმე გვაქვს მარტივ სიცრუესთან და მცდელობასთან, საზოგადოებას შეუქმნან განცდა, თითქოს ქვეყანაში არის უკონტროლო მდგომარეობა, არ არის დაცული ადამიანების უსაფრთხოება, რასაც არანაირი სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები არ აქვს. მარტივად გადამოწმებადია ეს ტყუილები ოფიციალური მონაცემებით.

ეს მონაცემები ქვეყნდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზეც და შესაბამისი საერთაშორისო კვლევები, რომლებსაც პერიოდულად საზოგადოება ადევნებს თვალყურს, სწორედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. ის, რომ ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნების მონაცემებშია შესული, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო სამართალდამცავი უწყებების ეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს. ამას არაერთი საერთაშორისო კვლევაც ცალსახად ადასტურებს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor