• May

    12

    2026
  • 87
  • 0
ალი ბაბაევი : „დღეს საქართველოსთვის მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკა უალტერნატივოა“

ალი ბაბაევი : „დღეს საქართველოსთვის მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკა უალტერნატივოა“

,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრი, ალი ბაბაევი რეგიონულ გამოწვევებზე, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობასა და ქვეყნის სტაბილურობის გარანტებზე საუბრობს.

თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ მოზაიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ფიგურებს, რომელთა ავტორიტეტი მრავალწლიან გამოცდილებასა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ხიდების მშენებლობის პროცესს ეფუძნება. ალი ბაბაევი სწორედ ასეთი საზოგადო მოღვაწეა. მისი სახელმწიფოებრივი ხედვა, პრაგმატიზმი და ეროვნული ერთიანობის იდეისადმი ერთგულება მას აქცევს რესპონდენტად, რომლის შეფასებებსაც განსაკუთრებული წონა აქვს, როგორც აზერბაიჯანულ თემში, ისე ფართო პოლიტიკურ წრეებში.

დღევანდელ მყიფე გეოპოლიტიკურ რეალობაში, ჩვენ მასთან მიმოვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა, ხელისუფლების როლი სტაბილურობის შენარჩუნებაში და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას.

-ბატონო ალი, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. რას ნიშნავს ეს თარიღი თანამედროვე მსოფლიოსთვის, რომელიც კვლავაც მწვავე კონფლიქტების ეპიცენტრშია ?

-დიდი მადლობა. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს უდიდესი გამარჯვება. 9 მაისი მხოლოდ კალენდარული თარიღი არ არის, ეს კაცობრიობის ზნეობრივი გამარჯვებაა ბოროტების იმპერიაზე. სამწუხაროდ, ამ ეპოქალური მოვლენის თვითმხილველი ვეტერანები სულ უფრო ცოტანი გვრჩებიან და მათი ღვაწლის სათანადო დაფასება ჩვენი მორალური ვალია.

დღეს ეს დღესასწაული ახალ კონტექსტს იძენს. როდესაც ვხედავთ ტრაგედიას უკრაინაში, დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთსა თუ ირანის ირგვლივ, ვხვდებით, რამდენად მყიფეა მშვიდობა. გლობალური უსაფრთხოების კრიზისი პირდაპირ აისახება თითოეულ ჩვენთაგანზე, ეკონომიკური რეცესიით დაწყებული, ენერგეტიკული დესტაბილიზაციით დასრულებული. სწორედ ამიტომ, ისტორიული გაკვეთილები დღეს უფრო მეტად უნდა გავიაზროთ, ვიდრე ოდესმე.

ასევე მინდა განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით გამოვეხმაურო საქართველოს ახალი კათალიკოს – პატრიარქის არჩევას და ინტრონიზაციას, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ მისი აღმატებულება შიო მე-3-ის ერა საქართველოში დინჯი და გააზრებული მწემსმთავრობითა და გონიერი ლიდერობით იქნება გამორჩეული. ამ ისტორიულ მოვლენას ვულოცავ სრულიად საქართველოს.

-თქვენ ხშირად აქცენტირებთ რეგიონულ სტაბილურობაზე. როგორ ხედავთ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ მომავალს არსებული „ტექტონიკური“ ძვრების ფონზე ?

-სამხრეთ კავკასია დღეს დიდი გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფაა. გულწრფელად უნდა ითქვას -ზოგიერთი ევრობიუროკრატის მიდგომა ჩვენი რეგიონის მიმართ ხშირად სცილდება კონსტრუქციულობას და უფრო მეტად დესტაბილიზაციის რისკებს შეიცავს.

მაგ: ერევნის ბოლო სამიტი, რომელსაც არ ესწრებოდნენ აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერები, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ რეგიონში ხელოვნური ბარიერების შექმნა. მცდელობა, რომ ყარაბაღის თემა ხელახლა გახდეს დაპირისპირების საგანი, საფრთხეს უქმნის იმ მყიფე სტატუს-კვოს, რომელსაც ასეთი შრომით მივაღწიეთ. ამავდროულად, ყველამ უნდა აღიაროს რეალობა – სომხეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ღრმა ინტეგრაცია რუსულ სისტემებთან არის ფაქტორი, რომლის იგნორირებაც პოლიტიკური სიბრმავე იქნებოდა.

-ამ ურთულეს გარემოში, როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების „სანავიგაციო“ პოლიტიკას ?

-მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ეგზისტენციალურ ვითარებაში მოქმედებს მაქსიმალური გონიერებით. უმთავრესი მიღწევა, რასაც ვერავინ უარყოფს, არის მშვიდობა. მაშინ, როდესაც ჩვენს ირგვლივ რეგიონი, პირდაპირი მნიშვნელობით, ცეცხლშია, საქართველო რჩება სტაბილურობის ერთადერთ საიმედო კუნძულად.

ეს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის პრაგმატული სტრატეგიის შედეგია.

სახელმწიფო მართვა არ არის ემოციების ასპარეზი – ეს არის ცივი გონებით ეროვნული ინტერესების დაცვა.

სწორედ ამ პოლიტიკამ აარიდა ქვეყანას ის ფატალური სცენარები, რომლებსაც ბევრი გვიწინასწარმეტყველებდა.

-თქვენ ახსენეთ მართვის ეფექტურობა. რას იტყვით სამართალდამცავი სისტემის რეფორმებსა და კორუფციასთან ბრძოლაზე ?

-ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა დღეს არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში დაცულია კანონის უზენაესობა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბრძოლა ე.წ. „ელიტური კორუფციის“ წინააღმდეგ. როდესაც ვხედავთ, რომ მაღალი თანამდებობის პირებიც კი აგებენ პასუხს კანონის წინაშე, ეს არის მკაფიო სიგნალი – ხელშეუხებელი კასტები აღარ არსებობენ.

გარდა ამისა, უსაფრთხოების ბლოკის გაძლიერება და კოორდინაციის მაღალი ხარისხი, მათ შორის ვიცე-პრემიერის ინსტიტუტის როლის ზრდა ამ მიმართულებით, სწორი და დროული ნაბიჯია.

ჰიბრიდული ომების ეპოქაში ძლიერი ვერტიკალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

-თუმცა, ოპოზიციური სპექტრიდან ხშირად გვესმის რადიკალურად განსხვავებული შეფასებები. როგორ ხედავთ პოლიტიკურ პოლარიზაციას ?

-ჯანსაღი კრიტიკა დემოკრატიის ჟანგბადია, მაგრამ ის, რასაც ხშირად ვხედავთ, სცილდება პოლიტიკურ ეთიკას. როდესაც პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

სამწუხაროა, როდესაც პირადი ამბიციები ქვეყნის იმიჯზე მაღლა დგება. მიუხედავად ამისა, ფაქტები ჯიუტია – საქართველო ინარჩუნებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, უსაფრთხოებას და განვითარების დინამიკას. ხალხი ამას ხედავს და სწორედ ეს არის მთავარი ინდიკატორი.

-დაბოლოს, რა არის ის მთავარი გზავნილი, რომლის მიტანაც საზოგადოებამდე გსურთ ?

-სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის ვალია. ჩვენი მრავალეთნიკური საქართველო არის ერთიანი ორგანიზმი. ჩვენი ძალა ერთიანობაშია, როდესაც ეთნიკური თუ რელიგიური განსხვავებების მიუხედავად, ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს – ძლიერი და მშვიდობიანი სამშობლო.

საქართველოს მოქალაქეებს ვუსურვებ სიმტკიცეს. ჩვენ რთულ გზას გავდივართ, მაგრამ მჯერა, რომ პრაგმატიზმით, შრომითა და ერთმანეთის გატანით, საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდება და თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს გლობალურ სამყაროში. მთავარია, არ ავყვეთ პროვოკაციებს და შევინარჩუნოთ ის მშვიდობა, რომელიც ჩვენი მომავლის საძირკველია.

 

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor