
,,ბატონო მერო – მოგახსენებთ, რომ”…
ვიწყებთ ახალ რუბრიკას ,,ბატონო მერო – მოგახსენებთ, რომ”…
თბილისი დიდი ქალაქია და როგორც ყველა დიდ ქალაქს აქვს დიდი პრობლემები, თუმცა ყველაფერი დიდი, დაკვირვებული თვალით რომ შეხედო, შედგება წვრილმანებისგან. დავაზუსტებთ, მოუგვარებელ წვრილმანებისგან, რომლებიც გროვდება წლების განმავლობაში და ერთ დიდ პრობლემად წარუდგება ქალაქის საზოგადოებას. სადღაც სკდება წყლის მილი, სადღაც ზიანდება სახლისკენ მიმავალი გზა, სადღაც კი, ხე ისეა გადაწოლილი, რომ ყოველ წამს შეიძლება დაეცეს, მანქანას ვინღა ჩივის, ადამიანს და მისი სიცოცხლე იმსხვერპლოს.
ამ რუბრიკის მიზანია მივაწვდინოთ ხმა ჩვენი დედაქალაქის თავკაცს, რომლამდეც დიდი ალბათობით, ასეთი ამბები ვერ აღწევენ სხვადასხვა მიზეზის გამო. მოქალაქეები ჩივიან, მაგრამ ამაოდ. მათი ხმა არ ისმის. ყველაფერი, საზვერეს არ იყოს, ვერ გადის ზემოთ, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რიგითი მოქალაქის ხმა მივაწვდინოთ ბატონ კახი კალაძეს. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ჩვენი სახალხო მერი უყურადღებოდ არ დატოვებს თანამოქალაქის გასაჭირს.
ახლა ბატონ მერს მოვახსენებთ, რომ დავით აღმაშენებლის გამზირზე, კერძოდ 146 -ს ნომერში დგას 3 სართულიანი საფასადე სახლი. მისი წლოვანება თითქმის 170 წელს უდრის. ძველი მაცხოვრებლების გადმოცემით, სახლის საძირკველი ხისაა და აი, სამი წელია მასში გამსკდარი მილიდან ჩადის სასმელი წყალი. ამ მილის ისტორია საკმაოდ საინტერესოა. 2011 წელს მიმდინარეობდა დავით აღმაშენებლის გამზირის დიდი რეკონსტრუქცია, რომელსაც ყოველ დღე აპიარებდა სააკაშვილის აგიტაცია-პროპაგანდა. თბილისი უნდა დამსგავსებოდა, არც მეტი არც ნაკლები, პატარა პარიზს. თუმცა, ჩვენი აზრით, თბილისი იმითაა მომხიბვლელი ქალაქი, რომ ძალზედ თავისებურია, თუ არ ჩავთვლით ბოლო დროს აშენებულ რკინა-ბეტონის ,,ჯუნგლებს”. ჰოდა, შემოვიდნენ მშენებლები ეზოში და თან შემოიტანეს რკინის კოროზირებული მილები, რამაც გამოიწვია მცხოვრებლების აღშფოთება. მართალია, სააკაშვილის რეჟიმი სულს ღაფავდა, მაგრამ ჯერ კიდევ სახიფათო რჩებოდა. მშენებლებმა თავისი გაიტანეს და ეს უვარგისი რკინის მილები ჩაყარეს მიწაში. რა თქმა უნდა, დრო და დრო ისინი ზიანდებოდნენ, რასაკვირველია, მეზობლები აგროვებდნენ ფულს და შეაკეთებდნენ ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, ცხადზე ცხადი გახდა, რომ რკინის მილი მთლიანად იყო შესაცვლელი, რადგან მის წერტილოვან რემონტს დადებითი შედეგი არ მოჰქონდა. ეზომ მიიწვია კერძო ფირმა, რომელმაც მოითხოვა სამუშაოებისთვის 3 ათასი ლარი. აქ მაცხოვრებლებისთვის ამ ფულის შეგროვება შეუძლებელი იყო. მაშინ ეზომ მიმართა საშველად მერიას და სთხოვა მილის შეკეთება თანადაფინანსებით. მერიამ თავის მხრივ კოლექტიური განცხადება გადაუგზავნა ჩუღურეთის რაიონის გამგეობას.
წყალი გახეთქილი მილიდან კვლავ მიედინება საძირკველში, მიწა ჩაწოლილია, გაჩნდა ბზარები და არაა გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს 3 სართულიანი საფასადე სახლი ჩამოინგრეს…თავისი გამოუსწორებელი შედეგებით.
ამიტომ მოგახსენებთ ბატონო მერო, რომ დავით აღმაშენებლის გამზირის 146 – ში მცხოვრებნი თქვენგან შველას ითხოვენ. მდგომარეობა სავალალოა.
P.S. ნებისმიერ თბილისელს შეგიძლიათ მოგვამრთოთ და თქვენ ხმას ჩვენ მივაწვდით დედაქალაქის მერს.
თამთა მაისურაძე
,,GEO NEWS”





