
დავით მესტვირიშვილი – გზა „საქართველოს ხმის“ გამარჯვებიდან ახალ მუსიკალურ სამყარომდე
19 წლის დავით მესტვირიშვილისთვის მუსიკაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო – ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც მაყურებლის სიყვარული თავისი გამორჩეული ხმით, უშუალობითა და „საქართველოს ხმის“ გამარჯვებით მოიპოვა, დღეს უკვე ცნობილ ქართველ კომპოზიტორთან, ლილიკო ნემსაძესთან, აქტიურ შემოქმედებით თანამშრომლობას აგრძელებს. კომპოზიტორის მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილი ორი სიმღერის პრემიერა უკვე წარმატებით შედგა, ამჟამად კი მესამე სიმღერაზე მუშაობენ. ლილიკო ნემსაძე დავითს სწორედ იმ ახალგაზრდა თაობის მომღერლად მიიჩნევს, რომელიც ქართული საესტრადო სიმღერების ყველა ავტორისთვის, ალბათ, ერთ-ერთი საინტერესო და საიმედო შემსრულებელი იქნება.
როგორ დაიწყო დავით მესტვირიშვილის მუსიკალური გზა, რა შეცვალა „საქართველოს ხმაში“ გამარჯვებამ და როგორ წარმოუდგენია საკუთარი მომავალი სცენაზე – ამის შესახებ თავად გვიამბობს.
-დავით, როგორ იქცა მუსიკა თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ?
-8-9 წლის ასაკში მშობლებმა ვოკალზე შემიყვანეს. თავიდან განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ მქონდა, თუმცა ყოველი პატარა წარმატება ძალიან მახარებდა. შემდეგ ჩავაბარე ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. გამოცდები წარმატებით გავიარე და პირველი კლასის ნაცვლად პირდაპირ მესამე კლასში დამსვეს, რადგან გარკვეული ცოდნა უკვე მქონდა. თავიდან ფასიანზე ვსწავლობდი. ერთ-ერთ კონცერტზე გერმანულ ენაზე სიმღერა შევასრულე, რომელსაც სასწავლებლის დირექტორი ესწრებოდა. მეორე დღეს დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სწავლის საფასურს არ გადამახდევინებდნენ. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაცია გახდა. სწორედ იქ გავაცნობიერე მუსიკის სიყვარული და საბოლოოდ ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ერთი წლის წინ კლასიკური მიმართულება დავასრულე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საოპერო მუსიკას ვასრულებდი, ახლა კი უფრო საესტრადო და ქართულ მუსიკაზე ვარ ორიენტირებული.
-როგორ აღმოჩნდით მუსიკალურ კონკურსში „საქართველოს ხმა“ ?
-ზოგადად, კონკურსებში მონაწილეობას ყოველთვის ვერიდებოდი. ამ შემთხვევაში სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება. ქასთინგზე მივედი და რამდენიმე სიმღერა შევასრულე. ერთ კვირაში დამიკავშირდნენ და ჩაწერაზე დამიბარეს. გავბედე, გავრისკე და დღეს ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო…
-გამარჯვების შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ?
-ვფიქრობ, ამ გამოცდილებამ როგორც მუსიკოსი, ისე პიროვნულადაც ძალიან გამზარდა. თავისთავად ცნობადობაც შეიცვალა – დღეს ქუჩაში უამრავი ადამიანი მხვდება სიყვარულით და მეუბნება, რომ მგულშემატკივრობდნენ. ეს განცდა ძალიან დიდი სტიმულია.
-გულშემატკივრების მხარდაჭერა განსაკუთრებით ემოციური იყო. როგორ განიცდიდით ამ პერიოდს ?
-ეს იყო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში – ერთდროულად დიდი სიხარულიც და უდიდესი პასუხისმგებლობაც.
განსაკუთრებით მახსოვს ერთი ისტორია : სრულიად უცნობი ემიგრანტი ამერიკიდან სპეციალურად ფინალისთვის ჩამოვიდა. ის კონკურსს ონლაინ ადევნებდა თვალს, ასე გამიცნო და გადაწყვიტა, პირადად დამდგომოდა გვერდში. ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი და ძალიან ამაღელვებელი იყო. დღეს უკვე ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ მუსიკას ადამიანების გაერთიანება ნამდვილად შეუძლია.
-გქონიათ შიში, რომ პოპულარობა გაქრება ?
-არა. ყველაზე დიდი წარმატებაც კი ჩემთვის არ არის დაპყრობილი მწვერვალი. პირიქით, მგონია, რომ ყველაფერი ახლა იწყება. ყოველთვის მინდა ახალი მიზნები მქონდეს და წინ წავიდე.
-სცენის მიღმა როგორი ხართ ?
-მიყვარს ადამიანები და კონფლიქტს მაქსიმალურად ვერიდები. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო.
-ადვილად პატიობთ ?
-დიახ. შეიძლება ერთ დღეს მეწყინოს, მაგრამ მეორე დღეს უკვე გადამავიწყდეს, თუმცა გააჩნია შემთხვევასაც. ზოგადად, ბრაზზე ენერგიის დახარჯვა სწორად არ მიმაჩნია. ამ დროს ბევრად უფრო კარგი საქმეების გაკეთება შეიძლება.
-რა არის თქვენი წარმატების ფორმულა ?
-პირველ რიგში შრომა. შემდეგ – ნიჭი და იღბალი. სამივე ერთად ქმნის შედეგს. შრომის გარეშე არაფერი გამოვა. რა ენერგიასაც საქმეში ჩადებ, აუცილებლად უკან დაგიბრუნდება. იღბალს თავისი ადგილი აქვს. ზოგჯერ ნიჭიერი ადამიანები სათანადოდ ვერ ფასდებიან, ზოგჯერ კი იღბალი ბევრს წყვეტს. ჩემს შემთხვევაში ვფიქრობ, ყველაფერი ერთადაა, მადლობა ღმერთს ამისთვის.
-რა ეტაპზეა ახლა თქვენი მუსიკალური კარიერა ?
-ამჟამად ჯაზის მიმართულებით აქტიურად ვვითარდები. ჩემი დიდი ინსპირაციაა Stevie Wonder და მისი სასწაული მუსიკა. ძალიან მიყვარს ქართული საესტრადო და ქალაქური სიმღერები. ახლახან ორი სიმღერის პრემიერა მქონდა ტელევიზიასა და რადიოში, ახლა კი მესამეზე ვმუშაობ. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ლილიკო ნემსაძესთან თანამშრომლობას. მან სპეციალურად ჩემთვის შექმნა ქალაქური და სასიყვარულო სიმღერები და თავიდანვე ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა. მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა მსმენელმაც ძალიან დადებითად მიიღო. განსაკუთრებით ემოციურია ის ფაქტი, რომ ლილიკო ნემსაძე მომავალში საკუთარ პროექტებში ერთ-ერთ მთავარ შემსრულებლად მომიაზრებს – ეს ჩემთვის დიდი სტიმულია და მაძლევს განცდას, რომ სწორ გზაზე ვდგავარ.
-როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მუსიკალური მომავალი ?
-ყოველთვის ერთი სურათი წარმომიდგება – უცხოეთი, დიდი სცენები, კონცერტები, ფესტივალები. მინდა საერთაშორისო სცენებზე გასვლა, საკუთარი მუსიკის შექმნა და მისი საქართველოს გარეთ გატანა. ასევე ვგეგმავ ალბომის ჩაწერას და უფრო სერიოზულ მუსიკალურ განვითარებას. ერთი რამ ზუსტად ვიცი – გაჩერებას არ ვაპირებ. ჩემთვის ყოველი გამარჯვება ახალი დასაწყისია.
დათო ქაქუთია
,,GEO NEWS”





