• June

    3

    2026
  • 18
  • 0
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი – საჭირო, შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერის მხრიდან, პოზიტიურად ვართ განწყობილი, შევთანხმდით სამუშაო ჯგუფზე, მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით

დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი – საჭირო, შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერის მხრიდან, პოზიტიურად ვართ განწყობილი, შევთანხმდით სამუშაო ჯგუფზე, მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით

ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. პოზიტიურად ვართ განწყობილი. შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, – ამის შესახებ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პრემიერი მშობლებს უახლოეს მომავალში კვლავ შეხვდება.

„დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. დეტალურად გადავეცით ინფორმაცია მედიკამენტებთან, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე რატომ გახდა საჭირო უწყვეტი აქციის გამართვა მთავრობის სასახლის წინ. პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგან ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. გავცვალეთ ინფორმაციები. უკვე ვხედავთ მზაობას, რომ ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ფორმატი. მაქსიმუმ, ზეგ ისევ შევხვდებით და გავივლით ცალკეულ საკითხებს, რაც დღეს ვერ მოხერხდა. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესები არ არის პოლიტიკურად მართული. ძირითადი მოთხოვნა არის მედიკამენტების მიღება. საზოგადოებამ გამოხატა სოლიდარობა, პროცესი არავის მხრიდან არ არის მართული, არამედ დაკავშირებულია მხოლოდ იმ საჭიროებებთან, რაც აუცილებელია ამ ბავშვებთან მიმართებით. არანაირი კომუნიკაცია არ გვქონდა ფარმაცევტულ კომპანიებთან და ძალიან ცუდად ჟღერდებოდა, თითქოს ფარმაცევტული მაფიის მართული იყო რომელიმე მშობელი ან ორგანიზაცია. ამ კითხვებსაც გაეცა პასუხი. ბუნებრივია, არაერთი მედიკამენტი აღიარებულია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, ბოლოს დიდმა ბრიტანეთმაც აღიარა მედიკამენტები. ამასთან მიმართებით გაიცვალა ინფორმაციები და ჩვენი მხრიდან საჭირო ინფორმაცია მიიღო, ყველა ინფორმაცია მიწოდებულ იქნა პრემიერ-მინისტრისთვის. დარჩენილია უამრავი საკითხი და ძირითადი გადაწყვეტილებები, რაც უნდა გავიაროთ შემდგომი შეხვედრებისას. სამუშაო ჯგუფი იქნება შეხვედრების ფორმატში. აღარ ყოფილა საუბარი უსაფრთხოებაზე. უფრო საუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები და არ არის აუცილებელი, ყველაზე მკაცრმა რეგულატორმა აღიაროს ცალკეული მედიკამენტები. პრემიერს არცერთი კითხვა არ დაუსვამს იმის თაობაზე, რატომ არ არის აღიარებული EMA-ს ან სხვა ქვეყნების მიერ თუნდაც „ვამოროლონი“ ან „ჯივინოსტატი“. დავრწმუნდით, რომ თითოეული კითხვა მიმართული იყო იმისკენ, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები  გადაიდგას. გადაჭრით არცერთ მედიკამენტზე არ ყოფილა საუბარი, თუმცა საუბარი იყო ოთხივე მედიკამენტზე, რა გზებით შეიძლება, აწარმოოს სახელმწიფომ მოლაპარაკება, ასევე ეფექტურობაზე. ვგულისხმობ „ელევიდის“, „ეგზოსკიპინკს“, „ვამოროლონს“ და „ჯივინოსტატს“. საუბარი იყო აღნიშნული მედიკამენტების ეფექტურობაზე, გზებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, მაქსიმალურად უმოკლეს დროში მიღწეულ იქნას შეთანხმება“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

გვიშიანის თქმით, დარწმუნებულია, უახლოეს პერიოდში მშობლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„დღევანდელ შეხვედრაზე ვერ იქნებოდა ვერცერთი გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ დაიწყო პროცესი. თითოეული მშობელი და ორგანიზაცია მივესალმებით ამ პროცესის დაწყებას. ბოლომდე მოგვისმინეს. პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არის კომუნიკაცია. შესაბამისად, შედგა კომუნიკაცია. სამუშაო ფორმატი გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

ამასთან, ზაქრო გვიშიანს კითხვა დაუსვეს, შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი ფარმაცევტული მაფიის შესახებ, რაზეც გვიშიანმა უპასუხა:

„ზოგადად იყო ეს ინფორმაცია გაჟღერებული. ჩვენ წამოვწიეთ საკითხი, რომ არცერთი მშობელი არ ყოფილა ფარმაცევტული მაფიის მართული და ვერც იქნებოდა, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. ფარმაცევტული კომპანიების მარკეტინგი, კომერციული ინტერესი ყველა შემთხვევაში იარსებებს, მაგრამ ეს არ უნდა იქნას გადამწყვეტი და წამყვანი. სწორედ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ პრემიერ-მინისტრს, რომ არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს ფარმაცევტულ კომპანიებთან, მათ ინტერესებს არ ვართ აყოლილი. ორი წელი და 45 დღე ღამის თევებში დავკარგეთ, მაგრამ, დარწმუნებული ვართ, არცერთი დღე აღარ იქნება ფუჭად დაკარგული“.

ზაქრო გვიშიანის თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე მედიკამენტების უსაფრთხოებაზე საუბარი არ ყოფილა.

„დაპირების ფორმა არ ჰქონია შეხვედრას და ვერც ექნებოდა. ამის მოლოდინი არ გვქონია, არც განწყობა, რომ დაპირებით და კონკრეტული გადაწყვეტილებით გამოვიდოდით შეხვედრიდან, მაგრამ იყო იმედის მომცემი. რაც შეეხება ღამის თევას და ამ ფორმატში პროცესის გაგრძელებას, დავილაპარაკებთ. მარტო ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ორგანიზაციის თითოეულ წევრთან გავივლით საკითხს და შემდგომში გავაჟღერებთ ინფორმაციას. დიდი ალბათობით, შემდგომი ფორმატი იქნება უფრო კონკრეტიზაცია მედიკამენტებთან, ფარმაცევტულ კომპანიებთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით და პროტოკოლთან დაკავშირებულ პროცედურებთან მიმართებით. ასევე გეტყვით, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი და საერთოდ არ ყოფილა საუბარი მედიკამენტების უკუჩვენების, უსაფრთხოების შესახებ. ეს ძალიან კარგი პოზიცია იყო. უკუჩვენებაზე, ფატალურ შედეგებზე და ასე შემდეგ, საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor