
მალხაზ ვარშანიძე : ,,სუს-ის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობა საკუთარი მოვალეობის პირნათლად და მაღალპროფესიულად შესრულების პირდაპირი მაგალითია”
რა არის დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევები, როგორ აფასებს სუს-ის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ დაკავებებს და რა გავლენას ახდენს ეს პროცესები პოლიტიკურ გარემოზე ? ამ საკითხებზე „GEO NEWS“ გამორჩეული რესპონდენტი, კონსერვატიული ღირებულებების მქონე ხელოვანი, ბატონი მალხაზ ვარშანიძე ესაუბრა.
-ბატონო მალხაზ, თქვენი აზრით, საქართველო დღეს სწორი მიმართულებით ვითარდება და რა არის ის მთავარი გამოწვევა, რომლის დაძლევაც ქვეყანამ პირველ რიგში უნდა შეძლოს ?
-მთავარი ვექტორი სწორი და მართებულია, განსაკუთრებით მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით. რამდენიმე წელია, ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული. ქვეყანა გადაურჩა საბედისწერო საფრთხეებს და ეს ხელისუფლების დამსახურებაა. თუმცა, მიღწევების პარალელურად, გამოწვევებიც თვალსაჩინოა – ერთ-ერთი უმთავრესი სოციალური ფონია, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას მოითხოვს. გარდა ამისა, საჯარო უწყებებში მწვავედ დგას კადრების პროფესიული კვალიფიკაციის პრობლემა, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურობასა და საკუთრების უფლებების რეალიზებაზე. დიახ, პროფესიონალიზმის დეფიციტი სერიოზული გამოწვევაა სახელმწიფოსთვის. პრიორიტეტი უნდა იყოს არა სქესი, ასაკი ან რაიმე ცენზი, არამედ კომპეტენცია. როდესაც პროფესიონალიზმი სახელმწიფო პოლიტიკის ფუნდამენტად იქცევა, ბევრი პრობლემა ბუნებრივად აღმოიფხვრება და ეს ძალიან სწრაფად გამოიღებს შედეგს.
-რამდენად ენდობით ხელისუფლებას და რას იტყვით ე.წ. ოპოზიციაზე, რომელიც ქვეყანაში მუდმივად დესტაბილიზაციის კერების გაჩენას ცდილობს ?
-ხელისუფლებას ვენდობი, რადგან არაერთი ისეთი რეფორმა გაატარა, რამაც ქვეყანა ინსტიტუციურადაც და სამართლებრივადაც გააძლიერა, როგორც სუვერენული სახელმწიფო. თუმცა, ამის პარალელურად, აუცილებელია მუდმივი პრაგმატული ანალიზი, რაც სამომავლოდ შეცდომების დაშვების ალბათობას გამორიცხავს.
რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას, რომელიც მუდმივად კრიზისების ხელოვნურად შექმნით არის დაკავებული, მათზე რაიმე ადეკვატური კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. მათი ქმედებები გარე გავლენებით არის მართული, რის გამოც მათ ოპოზიციასაც ვერ ვუწოდებ. მათი არსებობის პირობებში ხელისუფლების ჯანსაღი კრიტიკაც კი შეუძლებელი ხდება, რითაც საბოლოო ჯამში ყველა ვზარალდებით – საზოგადოებაც, ხელისუფლებაც და სხვა რეალური ოპოზიციური პარტიებიც. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ფილიალებს შემთხვევით როდი შევარქვი „უპოზიციონერები“ – მათ უფრო დივერსიულ სინდიკატს ვუწოდებდი. მათი მიზანია, საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან დააპირისპირონ და სახელმწიფო ქაოსისა და დესტაბილიზაციის ზონად აქციონ. პირდაპირ გეტყვით – მათი ამოცანა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისთვის ნიადაგის მომზადებაა. ასე რომ, ამ დესტრუქციული ძალის არსებობა ძალიან ძვირი უჯდება ხალხსაც და ქვეყანასაც. „ენმ“-ის სახით ოპოზიციის ყოფნა თავად არის კრიზისი. ჩემი სურვილია, საქართველოში ძლიერი, ეროვნული ოპოზიციური პარტიები არსებობდნენ და, მგონი, ეს პროცესი ნელ-ნელა უკვე იკვეთება კიდეც. საერთოდ, ნამდვილი, პატრიოტული ოპოზიცია მმართველი გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა.
-როგორ აფასებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ დაკავებებს ? თქვენი აზრით, სუს-ის ეს ნაბიჯები სამართლებრივი აუცილებლობით იყო განპირობებული თუ პოლიტიკურ მოტივებსაც ხედავთ ?
-სუს-ის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობა საკუთარი მოვალეობის პირნათლად და მაღალპროფესიულად შესრულების პირდაპირი მაგალითია. ისინი სახელმწიფოებრიობას აძლიერებენ და მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მათი მადლიერი ვარ.
რთულია ცალსახად თქმა, ეს დაკავებები უფრო მეტად სამართლებრივი აუცილებლობით იყო განპირობებული თუ პოლიტიკური კონტექსტით, თუმცა საგამოძიებო მასალებიდან დასტურდება, რომ უწყება, პირველ რიგში, სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნებაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ პროცესის დასაწყებად. მჯერა, წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოა ჩასატარებელი.
-დაბოლოს, რამდენად გაქვთ იმის ნდობა, რომ სუს-ის მიერ წარმოებული გამოძიებები ობიექტურად მიმდინარეობს ?
–ჩემი ნდობა ემყარება პერსონალურ ნდობას იმ კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ – ისინი არიან მაღალი კლასის პროფესიონალები, პატიოსანი, ღირსეული პატრიოტები. სხვა დეტალებზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან გამოძიებას საბოლოო ვერდიქტამდე რამდენიმე უწყებრივი და ეტაპობრივი პროცედურის გავლა უწევს. ისიც კარგად მესმის და ვეთანხმები, რომ სუს-ის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინფორმაციის დიდი ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და არ უნდა გასაჯაროვდეს. შესაბამისად, სრულიად მაკმაყოფილებს ის დეტალური და დასაბუთებული საბოლოო ფაქტები, რომლებსაც საგამოძიებო უწყება საზოგადოებას წარუდგენს ხოლმე.
ქეთი ხომერიკი
„GEO NEWS“





