• August

    27

    2026
  • 184
  • 0
რატომ დაიწყო შსს-ის გენერალურმა ინსპექციამ მუხიანის მე-3 სამმართველოს საქმიანობის შესწავლა ?

რატომ დაიწყო შსს-ის გენერალურმა ინსპექციამ მუხიანის მე-3 სამმართველოს საქმიანობის შესწავლა ?

ლუსის კვალდაკვალ – როგორ გაჩნდა ეჭვი, რომ ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებლის ყოფილი ძაღლი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ?

რა მოხდა მუხიანში, რატომ აღმოჩნდა ქუჩაში ძაღლი, რომლის საყელურზეც ( საბელზე ) ყოფილი პატრონის ტელეფონის ნომერი იყო დატანილი და რატომ გახდა მუხიანის პოლიციის რეაგირების საკითხი ცალკე შესწავლის საგანი ?

ზოგჯერ ერთი პატარა დეტალი საკმარისია იმისთვის, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავი სერიოზული კითხვების წყაროდ იქცეს.

ამ ისტორიაში ასეთი დეტალი ძაღლის საყელურზე დატანილი ტელეფონის ნომერი აღმოჩნდა.

ლუსი – კოკერი, რომელიც ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებლის, ქეთი ხომერიკის, ოჯახის წევრი იყო, მიმდინარე წლის აპრილში ახალ პატრონს, როგორც ოჯახი აცხადებდა, კეთილი განზრახვითა და იმ მოლოდინით გადაეცა, რომ ძაღლი მზრუნველ გარემოში იცხოვრებდა, რაც მთავარია იცხოვრებდა ეზოიან სახლში და არა კორპუსის ბინაში, როგორც ეს მანამდე იყო.

თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ისტორია სრულიად სხვა მიმართულებით განვითარდა.

ერთი ზარი, რომელმაც კითხვები გააჩინა :

აგვისტოში ქეთი ხომერიკი ქობულეთში იმყოფებოდა, როდესაც მას ახალგაზრდა იურისტმა და ცხოველების მოყვარულმა ნ.ხ-მ დაურეკა.

ნინიმ ლუსი მუხიანის დაჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო სკოლა „ლილეს“ წინ შენიშნა.

ძაღლის მდგომარეობამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა.

ნინის ეჭვი გაუჩნდა, რომ ლუსი, შესაძლოა, მიტოვებული ან გამოგდებული ყოფილიყო და, რაც კიდევ უფრო მძიმეა, შესაძლოა, მანამდე არასათანადო მოპყრობის პირობებში იმყოფებოდა.

მაგრამ მთავარი კითხვა სწორედ აქ ჩნდებოდა :

როგორ უნდა ეპოვა სრულიად უცხო ადამიანს ძაღლის ყოფილი პატრონი ?

პასუხი ლუსის საყელურზე აღმოჩნდა, იქ ჯერ კიდევ დატანილი იყო ქეთი ხომერიკის მობილური ტელეფონის ნომერი.

სწორედ ამ ნომრის საშუალებით შესძლო ნ.ხ-მ ქეთი ხომერიკთან დაკავშირება და მისთვის იმ მდგომარეობის შესახებ შეტყობინება, რომელშიც ლუსი ნახა.

ამ მომენტიდან საქმე უკვე მხოლოდ დაკარგულ ან მიტოვებულ ძაღლს აღარ ჰგავდა.

საუბარი ამჟამინდელ პატრონთან და ახალი კითხვები :

ქეთი ხომერიკმა და მისმა მეუღლემ, ,,GEO NEWS”-ის იურისტმა ირაკლი კერესელიძემ, სცადეს ლუსის ამჟამინდელ პატრონთან, რომელსაც მასალებში პირობითად „რ.ე.“-დ მოვიხსენიებთ, დაკავშირება.

მათ შორის პირადადაც შედგა საუბარი.

ამ კომუნიკაციის შემდეგ, ოჯახის განმარტებით, ეჭვი კიდევ უფრო გამძაფრდა, რომ ლუსის მდგომარეობა და მისი ქუჩაში აღმოჩენის გარემოებები საჭიროებდა არა მხოლოდ პირად გარკვევას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ შემოწმებას.

სწორედ ამიტომ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია პოლიციის შესაბამის დანაყოფს მიეწოდა.

ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი.

როდესაც არსებობს ეჭვი, რომ ცხოველი შესაძლოა ძალადობის, სასტიკი მოპყრობის, ან მიტოვების მსხვერპლი გახდა, საკითხის გადამოწმება უკვე მხოლოდ მოქალაქეების პირადი ურთიერთობის საგანი აღარ არის.

საჭიროა ფაქტების დადგენა.

ყველაზე მძიმე ეპიზოდი – რა მოხდა მუხიანის მე-3 სამმართველოში ?

სწორედ აქ იწყება ისტორიის ყველაზე პრობლემური ნაწილი.

ქეთი ხომერიკისა და ირაკლი კერესელიძის განცხადებით, როდესაც ისინი თბილისში დაბრუნდნენ და საკითხის გარკვევის მიზნით მუხიანის პოლიციის მე-3 სამმართველოს ეწვივნენ, მათთვის განსაკუთრებული გაოცებისა და აღშფოთების მიზეზი გახდა პოლიციელების დამოკიდებულება.

მათი შეფასებით, ლუსის შესაძლო განსაცდელში ყოფნის საკითხი და, განსაკუთრებით, ძაღლის მდგომარეობის ადგილზე დათვალიერების აუცილებლობა ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან ირონიისა და ხუმრობის საგნად იქცა.

თუ ეს შეფასება ობიექტურად დადასტურდა, საქმე უკვე მხოლოდ ერთი ძაღლის ბედს აღარ ეხება.

საქმე ეხება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის პროფესიულ დამოკიდებულებას იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც შესაძლოა დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებას ეხებოდეს.

ცხოველი ვერ წერს განცხადებას, ვერ მიდის პოლიციაში. ვერ ამბობს, ვინ დაარტყა, ვინ მიატოვა, ვინ არ აჭამა, ვინ დატოვა ქუჩაში და ვინ მიაყენა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი.

ამიტომ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც ევალება ასეთი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გარემოებების შემოწმება.

და თუ პოლიციელის პირველი რეაქცია შესაძლო ძალადობაზე არის სიცილი, ირონია ან საკითხის უმნიშვნელოდ წარმოჩენა, ეს მხოლოდ ეთიკური პრობლემა აღარ არის, ეს სამართლებრივი რეაგირების ხარისხის საკითხიც ხდება.

რატომ არის ცხოველის წინააღმდეგ შესაძლო დანაშაული სერიოზული საქმე ?

არსებობს მცდარი დამოკიდებულება, თითქოს ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა „უბრალოდ ცხოველის პრობლემაა“.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ამ მიდგომას არ იზიარებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი პირდაპირ ადგენს პასუხისმგებლობას ცხოველის წამების, მისდამი სასტიკი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობისთვის, როდესაც ამას შესაბამისი შედეგი მოჰყვება. კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, როგორც ცხოველის დასახიჩრების, ისე მისი დაღუპვის შემთხვევაში.

ამიტომ გამოძიების ან შემოწმების მიზანი არ უნდა იყოს საკითხის „გადაგორება“, რადგან მსხვერპლი ადამიანი არ არის.

დანაშაული დანაშაულია, ხოლო მისი მსხვერპლის სახეობა სამართალდამცავი ორგანოს პასუხისმგებლობას ვერ აუქმებს.

უფრო მეტიც, ცხოველის მიმართ სისასტიკის შემთხვევების გამო სათანადო რეაგირება მნიშვნელოვანია პრევენციული თვალსაზრისითაც :

საზოგადოებაში ძალადობრივი ქცევის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება სწორედ კონკრეტულ შემთხვევებში ჩანს.

სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციის შენობასთან :

საქმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი მას შემდეგ განვითარდა, რაც ქეთი ხომერიკი და იურისტი ირაკლი კერესელიძე პოლიციის მესამე სამმართველოსთან იმყოფებოდნენ.

მათი ინფორმაციით, ლუსის ამჟამინდელმა პატრონმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგრესიული, გამომწვევი ფორმით იქცეოდა.

ეს გარემოება, თავისთავად, ცალკე შეფასების საკითხია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიციისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ კონკრეტული სუბიექტის აგრესიული ქცევებისა და გამომწვევი საუბრის შესახებ.

აი, როდესაც ასეთი სუბიექტი პოლიციის შენობიდან გამოდის და იქვე ხმამაღალ გინებასა და აგრესიას გამოხატავს, ეს ერთადერთი რამის მაჩვენებელია, რომ პოლიციამ ნებით თუ არაკომპეტენტურობით წაახალისა ამდაგვარი ქცევა აგრესორში.

თუმცა, ამ ისტორიის კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესო ხდება კიდევ სხვა გარემოებაც :

სანამ ეს დაპირისპირება მოხდებოდა, ლუსის ამჟამინდელი პატრონი გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა თავად მუხიანის მე-3 სამმართველოს შენობაში და პოლიციელებთან ჰქონდა შეხვედრა.

ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რომელსაც პასუხი შესაბამისმა უწყებამ უნდა გასცეს :

რა მოხდა ამ შეხვედრაზე ?

რა უთხრეს მას პოლიციის თანამშრომლებმა ?

მიეცა თუ არა მას რაიმე განმარტება ან მითითება ?

და ხომ არ შექმნა პოლიციაში მისმა მიღებამ ისეთი განცდა, რომ მის წინააღმდეგ არანაირი რეაგირება არ იქნებოდა ?

ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი იმის კატეგორიული მტკიცებისთვის, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ვინმე აგრესიული ქცევისკენ შეგნებულად წაახალისეს.

მაგრამ სწორედ ამის გარკვევაა შემოწმების მიზანი.

თუ შეხვედრის შემდეგ მოქალაქე პოლიციის შენობიდან გამოდის და მალევე სამართალდამცავი ორგანოს თვალწინ სხვა მოქალაქეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, მინიმუმ იმის გარკვევა მაინც აუცილებელია, რა კომუნიკაცია შედგა მასსა და პოლიციელებს შორის და რა რეაგირება მოჰყვა მის ქცევას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა – რატომ არ უნდა შემოწმდეს თავად ლუსი ?

ამ ისტორიის ცენტრში საბოლოოდ ერთი ძალიან მარტივი საკითხი დგას :

როგორ მდგომარეობაშია დღეს ლუსი ?

სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძაღლის ვეტერინარული დათვალიერება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტური შეფასება.

თუ ცხოველს აქვს დაზიანებები, დაავადებები, არასათანადო კვების ნიშნები ან სხვა ისეთი მახასიათებლები, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს არასათანადო მოვლაზე ან ძალადობაზე, ეს შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება.

თუ ასეთი ნიშნები არ არსებობს – ესეც უნდა დადგინდეს.სწორედ ამიტომ გამოძიებისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება არა ერთი ან მეორე მხარის დაჯერება, არამედ ფაქტების საერთოდ დაუდგენლად დატოვება.

მართალია, ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელმა ქეთი ხომერიკმა და იურისტმა ირაკლი კერესელიძემ სამმართველოში მისვლის შემდეგ ნახეს ლუსი, რომელსაც ერთი შეხედვით თითქოს დაზიანებები არ აქვს, თუმცა პოლიციამ საქმე თვითდინებაზე არ უნდა მიუშვას – უნდა დარწმუნდეს, რომ ლუსის მიმართ სასტიკ მოპყრობას არ ჰქონდა ადგილი.

ჩვენ ვაცნობეთ პოლიციას ძაღლის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე – მართალია, ვნახეთ ლუსი, მაგრამ ჩვენ არც ვეტერინარები ვართ და ვერც იმას ვიტყვით გადაჭრით, რომ ძაღლი არ იყო გამოგდებული ამჟამინდელი პატრონის სახლიდან და ვერც იმას, რომ არ ექცეოდნენ ძაღლს არასათანადოდ, ეს პოლიციამ უნდა დაადგინოს.

ქეთი ხომერიკისა და ირაკლი კერესელიძის შეფასებით, მას შემდეგ, რაც პოლიციის შენობასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან საკითხის აქტიური შესწავლის ნაცვლად შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქმე თვითდინებაზე იყო მიშვებული.

ეს კი კიდევ ერთი საკითხია, რომელიც შესწავლას საჭიროებს.

სამართალდამცავი ორგანოს მოვალეობა არ არის მხოლოდ დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მოქმედება.

მისი მოვალეობაა, როდესაც არსებობს გონივრული ინფორმაცია შესაძლო სამართალდარღვევის ან დანაშაულის შესახებ, შეამოწმოს ფაქტები, შეაგროვოს მტკიცებულებები და დაადგინოს სიმართლე.

მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხება ცხოველის შესაძლო წამებას, სასტიკ მოპყრობას ან ძალადობას, ანუ ქმედებებს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობა პირდაპირ ადგენს პასუხისმგებლობას.

ლუსის საქმე ახლა უკვე მხოლოდ ლუსის საქმე აღარ არის

ამ ისტორიაში ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.

იყო თუ არა ლუსი ნამდვილად მიტოვებული ?

რატომ აღმოჩნდა იგი მუხიანის დაჩების ტერიტორიაზე ?

რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ძაღლი იმ მომენტში ?

ჰქონდა თუ არა მას დაზიანებები ან სხვა ნიშნები, რომლებიც შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ?

ვინ იყო პასუხისმგებელი ლუსის მოვლაზე ?

რა მოხდა მის ამჟამინდელ პატრონსა და პოლიციელებს შორის შეხვედრის დროს ?

რატომ იქცა ძაღლის მდგომარეობის დადგენის საკითხი, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ირონიის საგნად ?

და საბოლოოდ – რატომ არ მოხდა ამ კითხვებზე დროული და ობიექტური პასუხების გაცემა ?

ეს კითხვები პასუხს მოითხოვს არა ემოციის, არამედ ფაქტების დონეზე.

გამოძიებას ელოდებიან….

ამ ეტაპზე საკითხში უკვე ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

ეს ნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლების ქმედებები და საქმისადმი მათი დამოკიდებულება შესაბამისი უწყების ყურადღების ცენტრშია.

ახლა მთავარი სწორედ ობიექტური შემოწმებაა.

ლუსის ისტორია არ უნდა იქცეს არც ერთი მხარის წინააღმდეგ ემოციურ ანგარიშსწორებად და არც ვინმეს დასაცავ კამპანიად.

საჭიროა მხოლოდ ერთი რამ – სიმართლის დადგენა.

თუ ლუსის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა, ეს უნდა დადგინდეს.

თუ იყო, პასუხისმგებელმა პირმა პასუხი უნდა აგოს.

თუ პოლიციამ სათანადოდ იმოქმედა, ესეც უნდა დადასტურდეს.

ხოლო თუ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა უგულებელყვეს შესაძლო დანაშაულის ნიშნები, მოახდინეს საკითხის დისკრედიტაცია ან მოქალაქეს ისეთი განცდა შეუქმნეს, რომ აგრესიული ქცევა მისაღებია, ამასაც შესაბამისი სამართლებრივი და დისციპლინური შეფასება უნდა მოჰყვეს.

ლუსი ვერ ილაპარაკებს. სწორედ ამიტომ უნდა ილაპარაკონ ფაქტებმა, მტკიცებულებებმა და კანონმა.

,,GEO NEWS” გააგრძელებს საკითხზე დაკვირვებას და საზოგადოებას გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებს გააცნობს.

( გაგრძელება იქნება )

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor