
როგორ აფასებს ირაკლი თავდგირიძე აჭარაში მიმდინარე ცვლილებებს სტაბილურობის კურსისა და ნდობის გაღრმავების ჭრილში ?
პოლიტიკური პასუხისმგებლობა და რეგიონის განვითარების ახალი დინამიკა !
„GEO NEWS“ განაგრძობს საზოგადოებისთვის საინტერესო და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრების სერიას. დღეს ჩვენი სტუმარია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონალური ლიდერი, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი თავდგირიძე.
ბატონი ირაკლი იმ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის საქმიანობაც პროფესიონალიზმთან ერთად, მშობლიური ქალაქისადმი განსაკუთრებული ერთგულებითაა გაჯერებული. როგორც საკუთარ ოლქში დაბადებული და გაზრდილი ლიდერი, ის საზოგადოების წინაშე არა მხოლოდ მანდატით, არამედ მორალური პასუხისმგებლობით წარდგება, რაც მის თითოეულ ინიციატივასა და გადაწყვეტილებას განსაკუთრებულ წონას სძენს.
აჭარის რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებისა და პოლიტიკური პროცესების ფონზე, ირაკლი თავდგირიძე აანალიზებს იმ პოზიტიურ მოლოდინებს, რაც ახალი, გამოცდილი კადრების მოსვლამ გააჩინა. ინტერვიუში ის საუბრობს მმართველი გუნდის სტაბილურობაზე, ოპოზიციურ აბსურდულ დღის წესრიგსა და იმ მყარ ნდობაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარშემოა კონსოლიდირებული.
გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტიკოსთან, რომელიც პრინციპულობასა და ხალხთან უშუალო კომუნიკაციას რეგიონის წარმატების მთავარ ფორმულად მიიჩნევს.
-ბატონო ირაკლი, გთხოვთ შეგვიფასოთ დღევანდელი ვითარება თქვენს რეგიონში, მით უფრო მაშინ, როდესაც რეგიონის ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრად იქნა დაწინაურებული და აჭარას კიდევ ერთხელ დაუბრუნდა გამორჩეული პროფესიონალი ზურაბ პატარიძე.
-ჩვენს რეგიონში მიმდინარე ცვლილებები მხოლოდ დადებით მოლოდინებს ტოვებს. ბატონო სულხანი წლებია დიდი წარმატებით ემსახურა შსს-ს და სახელმწიფოს და მისი დაწინაურება მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის. ასევე, როგორც იცით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა ახალგაზრდა, თუმცა უაღრესად გამოცდილი პროფესიონალი ცოტნე ანანიძე, რაც ასევე გამორჩეულად პოზიტიური დინამიკის მატარებელი გახლავთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მთავრობის თავმჯდომარე გახდა ისეთი გამოცდილი დიპლომატი, როგორიც ზურაბ პატარიძეა. ბატონი ზურაბი ჩვენი კუთხის შვილია, მთავრობის თავმჯდომარედ მოღვაწეობის ადრეული გამოცდილებითაა და აქვს მდიდარი დიპლომატიური წარსული. ის ჩვენს კუთხეს ღირსეულად წარმოაჩენს.
-მოდით, შეგვიფასეთ ბატონი სულხან თამაზაშვილის არცთუ ისე დიდ ხნიანი მოღვაწეობა აჭარაში და ბატონი პატარიძის დაბრუნება იმ რეგიონში, რომელიც მას ესოდენ უყვარს ?
-ბატონი სულხან თამაზაშვილი მართალია მცირედი ხნით ხელმძღვანელობდა აჭარის რეგიონს, მაგრამ მან მაინც შეძლო ჩვენი მოსახლეობისთვის თავი დაემახსოვრებინა როგორც ძლიერ და პრაგმატულ ლიდერს. მისი ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობა განაგრძობდა იმ სტაბილური განვითარების კურსს, რაც ჩვენი პარტიის მთავარი მონაპოვარია.
რაც შეეხება ბატონ ზურაბს, ის გამოცდილი დიპლომატია, მინიჭებული აქვს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის დიპლომატიური რანგი, საზოგადოება მას იცნობს და პატივს სცემს, ის ნამდვილად კარგი არჩევანია.
-რეგიონის პერსპექტივაზე გთხოვდით თქვენს შეფასებას, ასევე იმაზე თუ რამდენად აქტიურობს ,,დიპ სტეიტის” მიერ მოსყიდული ოპოზიცია….როგორია განწყობა ამომრჩეველში და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, პოზიტიური კუთხით შეიმჩნევა აჭარაში ?
-ოპოზიცია ჩვენს რეგიონში მუდმივად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რათა მცირე პოლიტიკური ქულები მაინც დაიწეროს, თუმცა ეს უკვე გაჭრილი კარტია, საზოგადოება აღარ ტყუვდება, შესაბამისად მათ აქტიურობას აზრი აქვს დაკარგული.
ამომრჩეველი პოზიტიურადაა განწყობილი. საზოგადოებას აქვს ჩვენი გუნდის დამფუძნებლის და პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჭარბი ნდობა, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ.
-დაბოლოს, თქვენი მნიშვნელოვანი პროფესიული საქმიანობის შესახებ მინდა გთხოვოთ მოუთხროთ ჩვენს მკუთხველს…
-რამდენადაც თქვენთვის ცნობილია მე გახლავართ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მე ვემსახურები იმ ოლქს, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე. ჩემს პასუხისმგებლობას ეს ფაქტორი ზრდის.
მე ვდგავარ ბათუმის მოსახლეობის გვერდით, ვისმენ მათ საჭიროებებს და პრობლემებს. ამას ვაკეთებდი და ამის კეთებას ვაპირებ მომავალშიც ჩემი ქალაქის და რეგიონის საკეთილდღეოდ.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





