
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„პოლიტიკო“ – დიდი ბრიტანეთი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ცვლილებას გეგმავს და პროცესში უკრაინის ომის გამოცდილებას იყენებს
დიდი ბრიტანეთი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ცვლილებას გეგმავს და პროცესში უკრაინის ომის გამოცდილებას იყენებს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის საინვესტიციო გეგმა, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდება, აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო ცდილობს, უკრაინის წარმატებული მიდგომების გამოყენებას.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი მიდგომა ეფუძნება პრინციპს: „იაფი სისტემები ანადგურებენ ძვირადღირებულ სამიზნეებს“.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ბრიტანეთის სამეფო ფლოტს. გაერთიანებული სამეფო აღარ გეგმავს ახალი დაფინანსების გამოყოფას რვა Type 83-ის კლასის რაკეტების გამანადგურებლისა და Type 32-ისთვის, რომლებიც მანამდე 2030-იანი წლების საზღვაო ძალების გაძლიერების მთავარ პროექტებად ითვლებოდა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ უკრაინამ, რომელსაც ტრადიციული საზღვაო ფლოტი არ ჰყავს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დრონებისა და რაკეტების გამოყენებით.
ანალიტიკოს ტიმ უილისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთს, როგორც გლობალურ სავაჭრო სახელმწიფოს, ძლიერი საზღვაო ძალების შენარჩუნება სჭირდება, ქვეყანა უნდა გადავიდეს უფრო მოქნილ და ეფექტურ მოდელზე.
„ბრიტანეთმა 2022 წელს დაიწყო უკრაინელების მომზადება, ახლა კი, შესაძლოა, სწორედ ისინი გვასწავლიდნენ ჩვენ – ისინი გვაჩვენებენ, როგორ უნდა იბრძოლო თანამედროვე ომში. ეს არის ისეთი ომი, რომლის წარმოებაც ჩვენ არ შეგვეძლო, რამდენიმე კვირაზე დიდხანს ვერ გავძლებდით“, – განაცხადა უილისმა.
ახალი გეგმის ფარგლებში ბრიტანეთი თავდაცვაზე დამატებით 15 მილიარდ ფუნტამდე დახარჯავს, მათ შორის 5 მილიარდი ფუნტი უკვე გამოყოფილია დრონების მიმართულების განვითარებისთვის.
ახალი გეგმა ასევე დააფინანსებს ევროპაში დრონების ტესტირების ყველაზე დიდ ცენტრს, რომელიც სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან ერთად იმუშავებს, რათა დრონების წარმოება მუდმივად გაიზარდოს და ისინი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს მიეწოდოს.





