• September

    24

    2026
  • 4
  • 0
ვაჟა ოთარაშვილი : ,,ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუში გაჟღერებული ამბავი სიმართლეს შეეფერება!”

ვაჟა ოთარაშვილი : ,,ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუში გაჟღერებული ამბავი სიმართლეს შეეფერება!”

ცნობილი ქართველი პოეტი, პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო და პოლიტიკური ისტებლიშმენტი სრულად არის მოწყვეტილი ეროვნულ ინტერესებს, უგულებელყოფს მშობლიური მიწა-წყლისა და ისტორიული სიწმინდეების ბედს და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ წარმოებულ უსამართლო შეტევებს გულგრილად ადევნებს თვალს.

ბატონო ვაჟა, უპირველეს ყოვლისა, მინდა დაგიდასტუროთ დიდი პატივისცემა იმ გულწრფელი და უანგარო თანადგომისთვის, რომელიც ,,ასავალ-დასავალისა” და პირადად ჩემ მიმართ ამ დღეებში გამოხატეთ. ბატონმა ლაშა ნადარეიშვილმა, პოეტმა და გაზეთ ,,ასავალ-დასავალის” მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი კობახიძეს მიმართა : დავითგარეჯისკენ წაგვიძეხი და ერთად ავიდეთ ჩიჩხიტურის კოშკზე და აღდგომის ეკლესიასთანო!

-როგორც კი ,,ასავალ-დასავალში” გამოქვეყნდა ,,Google Maps”-ის რუკები, სადაც ჩიჩხიტურის კოშკს ჰქვია ,,კეშიქჩიგალა”, ხოლო აღდგომის ეკლესიას – ,,ალბანური ეკლესია”, ანუ ,,ალბან მებედი” და ორივე ეს ძეგლი აზერბაიჯანის საზღვრებშია მოქცეული, თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი აიქნიაო, საერთოდ შეწყდა ამ თემაზე ლაპარაკი და ბინძური შეტევა თქვენ წინააღმდეგ! აღარავინ ახსენებს არც ლაზარე ჯორბენაძეს და არც დავითგარეჯს!

-სწორედ ეგ მაინტერესებს…თქვენი აზრით, რა მოხდა და გაბედავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება იმის მტკიცებას, რომ ეს ასე არ არის ? იქნებ ,,Google Maps”-ის რუკების გაყალბებაც დაგვაბრალონ?! თუ განსვენებული ლაზარე ჯორბენაძე მართალს არ ამბობდა და ტყუოდა – დავითგარეჯის სადავო მიწები აზერბაიჯანს გადასცესო – რა უნდა ამის გამოაშკარავებას? გამოეხმაუროს პრემიერი კობახიძე ლაშა ნადარეიშვილის მოწოდებას და წაგვყვეს ჩიჩხიტურთან და აღდგომის ეკლესიასთან, სადაც დავითის დროშას გავშლით და სანთელს დავანთებთ! იქვე გაირკვევა ყველაფერი. 

-სხვათაშორის, 2026 წლის 2 თებერვალს, როგორც კი თქვენ მიერ ლაზარე ჯორბენაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ ,,ასავალ-დასავალში” გამოქვეყნდა, თუკი ვინმემ პირველმა მოითხოვა, რომ ეს ფაქტი გადამოწმებულიყო და დაუყოვნებლივ დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით, მე ვიყავი! დიახ, 5 თუ 6 თებერვალი იქნებოდა, როცა გაზეთი ,,ასავალ-დასავალი” ხელში მეჭირა და ,,ქართველთა დიდი გაერთიანების” სტუდიაში გავაკეთე ეს განცხადება. იქიდან მერე სხვა ეთერში წავედი და იქაც მოვითხოვე, რომ მომხდარიყო ამ ყველაფრის გამოძიება! როგორც ჩანს, დღევანდელმა ხელისუფლებამ, რაშიც მთავრობასაც ვგულისხმობ და პარლამენტსაც, დაიწყო ფარული მოქმედებები. ჩვენ ვსაუბრობთ ჩიჩხიტურსა და აღდგომის ტაძარზე მაშინ, როცა 850 ჰექტარი არაბებს გადასცეს ტერიტორია თბილისის ქვემოთ, რუსთავამდე, სადაც არაბული ქალაქი შენდება! გონიოსთან, აჭარაშიც, არაბული ქალაქი შენდება! ეს რა, ქართული მიწა-წყალი არ არის, თუ სადღაც მარსზე და იუპიტერზე ხდება ეს ყველაფერი?!

-თუ ლაზარე ჯორბენაძეს ინტერვიუში ტყუილი არ უთქვამს და დავითგარეჯის სადავო მიწები მართლაც აზერბაიჯანს გადაეცა, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჯორბენაძის მოულოდნელი გარდაცვალება გარკვეულ კითხვის ნიშნებს შეიცავს?

-რა თქმა უნდა! მისი თვითმკვლელობა ეჭვსა და კითხვის ნიშნებს ბადებს – სასულიერო პირი, თან ლაზარედ წოდებული, მძიმე მარხვაში, ლაზარეს შაბათს, თავს არ იკლავს!

-მაშინ გამოდის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა იცის, რა მოხდა სინამდვილეში? მოგეხსენებათ, მან ციხიდან გამოგზავნილ წერილში სწორედ ჯორბენაძის გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე მიუთითა, რის შემდეგაც ატყდა რია-რია!

-რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მინდა, გავიხსენო მისი ადრეული გამოსვლები…ჩვენ ერთხელ ვახსენეთ მისი შესანიშნავი სიტყვები ბერლინში ქართული ღვინის გამოფენაზე, ასევე ბრწყინვალე განაცხადი ჩინეთში, რუსთაველის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით, მაგრამ ამჯერად მინდა, ვისაუბრო მის გამოსვლაზე ,,იმედის” ეთერში, სადაც სწორედ დავითგარეჯზე საუბრობდა. მან ილაპარაკა რუკებზე, რომლებიც რუსეთიდან ბიზნესმენ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და განაცხადა, რომ ეს მონაკვეთი არის ქართული, ეკუთვნის საქართველოს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დავუთმოთ აზერბაიჯანს!

ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება იყო რადიკალურად განსხვავებული იმ განცხადებებისგან, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ეროვნულ საკითხთან შეუთავსებლობის გამო დაიჭირეს ირაკლი ღარიბაშვილიც და გრიგოლ ლილუაშვილიც!

ასევე შინაგან საქმეთა მინისტრობიდან მოხსნეს, თუ თვითონ წავიდა ვახტანგ გომელაური. აი, ეს სამი ადამიანი, ჩემი აზრით, ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობს დავითგარეჯთან დაკავშირებით. მათ ზუსტად იციან, რომ ჩიჩხიტური და მიმდებარე ტერიტორია, ასევე აღდგომის ტაძარი, საქართველოს შემადგენლობაში იყო და რაღაც მოხდა…არ შეიძლება მათ დეტალურად არ იცოდნენ ეს ყველაფერი!

აქ ერთი საკითხია კიდევ : როცა ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება არის მოღალატე, რა მაძლევს ამის საფუძველს? ვიღაცამ ხომ შეიძლება, იკითხოს : ,,კაცო, ეს ვაჟა ოთარაშვილი, პოეტი, პროფესორი კაცი, ასეთ რამეს რატომ გაიძახის?” მოდით, დავსვათ ასეთი საკითხი : დღევანდელი საქართველოს პარლამენტი ქართველი ერისთვის საჭირბოროტო მიწის საკითხს განიხილავს? აი, მე ვეკითხები ჩვენს პარლამენტს – პოეტი კაცი, პროფესორი კაცი, რომელმაც 7 თუ მეტი სასამართლო მოიგო არაბების წინააღმდეგ – ერთხელ მაინც დასმულა ქართული მიწა-წყლის შესახებ საკითხი საქართველოს პარლამენტში? გიმსჯელიათ ქართველი ერის მდგომარეობის, მისი მიწის, არსებული გამოწვევების შესახებ?

საქართველოს პარლამენტი ყველაფერზე საუბრობს ქართული მიწა-წყლის პრობლემის გარდა! იქ არასდროს უხსენებიათ, რომ არაბებზე იყიდება ქართული მიწა-წყალი; არასდროს უხსენებიათ, რომ ირანელებზე, თურქებზე, ინდუსებსა და პაკისტანელებზე გაიყიდა საქართველო.

აჭარაში, ფაქტობრივად, თურქული ექსპანსიაა და არ ყოფილა საქართველოს პარლამენტში იმის თაობაზე განცხადება, რომ ბოლო პერიოდში თურქეთი აგრესიულ განცხადებებს აკეთებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და თავის ტერიტორიაში მოიაზრებს უკვე ბათუმს, აჭარას, სამხრეთ საქართველოს, გურიას და ა.შ. ერთხელ ვინმესგან, რომელიმე პარლამენტის წევრისგან გაგიგიათ, რომ დედაქალაქთან ორ მეტრში არაბული ქალაქის მშენებლობა დამღუპველია? უთქვამს ვინმეს, რომ გონიო – დედააჭარის უძველესი მიწა-წყალი – არ უნდა დავუთმოთ ჩვენს ისტორიულ მტრებს?!

არასდროს მსგავსი არაფერი მომხდარა, ხომ? სწორედ ამიტომ მთელი ეს პარლამენტი და ხელისუფლება არის ანტიქართული მოვლენა, რომელიც 15-17-ათასლარიან ხელფასს იღებს და ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის ინტერესებს არ იცავს!

როგორც კი დემოკრატიულმა პრესამ და მისმა ყველაზე ძლიერმა ფლაგმანმა და ლიდერმა – ,,ასავალ-დასავალმა” დასვა შეკითხვა დავითგარეჯთან დაკავშირებით, იმის მაგივრად, რომ პარლამენტში განგაში აეტეხათ: ,,მოდი, აბა, გადავამოწმოთ ამ ინტერვიუში დასმული პრობლემაო!”, საერთოდ ჩამიჩუმი არ ისმის! იქ გახარიას ფრაქციას ეომებიან, აქ ნაცებს ეომებიან, იქ ერთმანეთს ეკინკლავებიან…სუს-ის, შინაგან საქმეთა, საგადასახადოს მინისტრები და თანამდებობის პირები კარტივით ენაცვლებიან ერთმანეთს და ერის ბედზე არავინ ფიქრობს! ეს ხომ სახელმწიფო აღარ არის!!!

-გასაგებია, რომ ხელისუფლებას არ აწყობს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ უფრო დიდი უბედურება ის არის, რომ გარეჯის თემაზე ხმას არ იღებს ე.წ. ოპოზიცია.

-ჰოდა, გარეჯის თემაზე ხმას რომ არ ამოიღებს, ის ოპოზიცია ოპოზიციაა? რამდენჯერ ვიკითხე გაზეთითა და ტელევიზიით, და კიდევ ერთხელ ვკითხულობ : რომელი პარტია აწარმოებს სამართლებრივ ბრძოლას ქართული მიწა-წყლის დასაცავად და რომელი ოპოზიციური პარტია აწარმოებს სამართლებრივ ბრძოლას არაბიზაციის წინააღმდეგ?! ეს მიტინგები, შეკრებები, დემონსტრაციები მოსახლეობის ორთქლის გამოშვებას ემსახურება და ამასაც სპეცსამსახურები ხელმძღვანელობენ. აი, ამაშია საქმე! აი, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება!

აგერ, მშვენიერი წინადადება შესთავაზა ჩვენმა მეგობარმა, პოეტმა ლაშა ნადარეიშვილმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს: ,,წამყე, პრემიერო, დავითგარეჯისაკენ! დამარწმუნე, რომ იქ ისევ ყველაფერი ქართულია, წამოიყვანე ის ხალხიც, ვისაც პროპაგანდისტულ სტუდიებში კრიბავ ,,ასავალ-დასავალის” შავბნელ გაზეთად მოსახსენიებლად!” მოდით, მართლაც ჩავატაროთ პარლამენტის გასვლითი სხდომა დავითგარეჯში. აბრძანდით, კობახიძევ და პაპუაშვილო, ჩიჩხიტურის კოშკზე მიკროფონებით და იქიდან ესაუბრეთ საქართველოს: ,,ასავალ-დასავალისათვის” მიცემულ ინტერვიუში ტყული ითქვა თუ მართალი?!…

-ძალიან მაცდური და საინტერესო წინადადებაა!

-დიახ, მიკროფონით, დინამიკებით მოაწყონ ეს ყველაფერი და ჩაატარონ პარლამენტის გასვლითი სხდომა! ჩიჩხიტურის კოშკი არის მაღლობზე და, როგორც ქანდარაა პარლამენტის სპიკერატისა, დასხდნენ იქ და ჩაატარონ გასვლითი სხდომა! ძალიან საინტერესო იქნება…მეც დიდი სიამოვნებით დავესწრები, რა თქმა უნდა, არა როგორც პარლამენტის წევრი, არამედ როგორც პარლამენტის სხდომის მაყურებელი. პარლამენტის სხდომა უნდა გაიმართოს ქართული მიწა-წყლისა და დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით. აი, მაშინ ჩავთვლი, რომ ეს პარლამენტარები ღირსი არიან, აიღონ 15 ათასლარიანი ხელფასი.

დიახ, მე და ლაშა ნადარეიშვილი – ორი მეგობარი პოეტი დიდი სიხარულით დავესწრებით ჩიჩხიტურთან გამართულ პარლამენტის სხდომას ჩვენს მეგობარ დიტო ჩუბინიძესთან ერთად და…თუ ეს მოხდება, ჩავთვლით, რომ ლაზარე ჯორბენაძემ იცრუა და ირაკლი კობახიძესა და მთელ ხელისუფლებას ცილი დასწამა!

ხალხო, ჩემს მიწა-წყალზე ვლაპარაკობ, ეს ხომ კობახიძის კერძო დუქანი არ არის?! ეს ხომ ვიღაც საქართველოს ხელისუფლების კერძო ბოსტანი არ არის?! ეს არის ისტორიული, ქრისტიანული სავანე, მეექვსე საუკუნეში დავითგარეჯელის მიერ დაარსებული თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად! დავითგარეჯის ფრესკებზე თამარ მეფე, დემეტრე თავდადებული, ლაშა-გიორგი და თვით დავით აღმაშენებელია გამოსახული და ეს არის ალბანური კულტურის ძეგლი? სულხან-საბა ორბელიანის ძმა მოღვაწეობდა მანდ…კათოლიკოსი ბესარიონ ორბელაშვილ-ბარათაშვილიც დავითგარეჯში სწირავდა…როდესაც საქართველოს არ ჰყავდა კათოლიკოსი, ეს მეუდაბნოე ბერი და უწმინდესი ადამიანი სწორედ დავითგარეჯიდან წამოიყვანეს და საქართველოს კათოლიკოსად აირჩიეს. საქართველოს ეკლესიას ის 1724-1739 წლებში მართავდა. ანტონ პირველი მას უწოდებდა ,,ქართული ეკლესიის სიწმინდის მეტრს”. წარმოიდგინეთ, აი, ასეთი ხალხი მოღვაწეობდა დავითგარეჯში და დღეს უსინდისოდ იმაზე მკითხაობენ – გარეჯი აზერბაიჯანული კულტურის ძეგლია თუ ალბანური!

-ძალიან ბევრმა გამოავლინა ამ სუსხიან და ქარიშხალიან დღეებში თავი, როცა ,,ასავალ-დასავალი”, მთელი ჩვენი შემოქმედებითი კოლექტივი და პირადად, მე, უბინძურესი ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდით! თქვენ იცით, რა დიდი წნეხის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები? მომხდარის გამო ლაშა ნადარეიშვილი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდიუმის თავჯდომარის პოსტიდან გადადგა და ამ ფედერაციის რიგითი წევრიც აღარ არის…აი, ამ ყველაფერზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?

ლაშა ნადარეიშვილმა გააკეთა ძალიან ვაჟკაცური სვლა და მისი გადადგომა იყო უდიდესი პროტესტის ნიშანი. სხვათაშორის, არცერთ მედიას ეს ფაქტი არ გაუშუქებია! ერთადერთი, სოციალურ ქსელში ვნახე, რომ ეს ყველაფერი შეაფასა და გაავრცელა ბატონმა არნო ხიდირბეგიშვილმა, ქართული საინფორმაციო სააგენტოს ,,საქინფორმის” მთავარმა რედაქტორმა! რატომ ჩაიგუბეს სხვა მედიასაშუალებებმა პირში წყალი? როგორ, ცნობილი პოეტი, ცნობილი გაზეთის მთავარი რედაქტორი, რომელიც 35 წელიწადია, უძღვება გაზეთს, ტოვებს ჟურნალისტთა ფედერაციას და ამის შესახებ უბრალო განცხადებასაც არ აკეთებ?

ვიღაც იდიოტი რომ წერდა – დიტო ჩუბინიძე ,,კარჩაკეტილ” ცხოვრებას ეწევაო – ხალხო, დიტო ჩუბინიძის გამოსვლები ნახეთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, უნივერსიტეტში, ტელევიზიით…კაცს წიგნები აქვს დაწერილი და გახლავთ სული და გული იმ შეხვედრებისა თუ ქეიფებისა, რომლებსაც სამეგობრო ვმართავთ ხოლმე! ანდა ის, რომ თქვეს ვიღაც ნაძირლებმა: ,,დიტო ჩუბინიძე შვილებს არ ეხმარებაო!” – მთელმა სამეგობრომ იცის, როგორ გიყვართ თქვენ თქვენი შვილები, მათთვის სული არ გენანებათ და გივიკოსა და ელენეს ხსენებაზე თვალზე ცრემლიც გადგებათ.

-უკადრებელი მაკადრეს, ბატონო ვაჟა!

-ამათგან რა უნდა გაგიკვირდეს, ესენი ხომ უღმერთოები არიან!

-სხვათაშორის, შალვა რამიშვილს ნათქვამი აქვს: ,,ღმერთზე მაშინ ვიფიქრებ, როცა ერექცია აღარ მექნებაო!” აი, ამ ზნეობისა და მორალის კაცს ჩააბარა ,,ქართულმა ოცნებამ” ტელევიზია POSTV , რომელიც უბინძურესი მეთოდებით დაგვიპირისპირდა.

-ასეთ სიბინძურეებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ! ღმერთი განსჯის და ღმერთი განიკითხავს ყველას…მე ვერ განვიკითხავ, არანაირი უფლება არ მაქვს, რომ განვიკითხო და ამხელა ცოდვაში ჩავიგდო თავი!

-ნაცმოძრაობის გაუქმებაზე მიდის ლაპარაკი…ამოჭამეს ერთმანეთი და, მე თუ მკითხავთ, დღეს უკვე ორივე გაუქმებულია – ნაცებიც და ქოცებიც! ასე რომ, ახლა უკვე ყველაფერი სულერთია!

-ნახევარზე მეტი პარლამენტი პორტირებული ნაცები არიან და მაგათ მართლაც რა უნდა მოსთხოვო!

-მართლაც რომ ,,ტამბოვსკი ვოლკი” ყოფილიყოს სამშობლოს მტრების შემწე და მეგობარი!

ესაუბრა

დიტო ჩუბინიძე

P.S. რედაქციისგან : ინტერვიუ ,,GEO NEWS”-ზე ქვეყნდება გაზეთ ,,ასავალ-დასავალის” ექსკლუზიური ნებართვით.

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor