
ექსკლუზივი : გლობალმედი ფულზე მონადირე საუნივერსიტეტო კლინიკაა, სადაც პაციენტი მხოლოდ შემოსავლის წყაროა ?
როცა პაციენტის სიცოცხლეზე წინ თანხა და ანგარიშსწორება დგება – რა მოხდა „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ?
,,GEO NEWS”-ის საგამოძიებო მასალა
ადამიანი საავადმყოფოში ყველაზე დაუცველი მდგომარეობით ხვდება. ზოგჯერ რამდენიმე წუთი წყვეტს ყველაფერს. ზოგჯერ პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ოჯახის წევრებისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი კითხვა არსებობს – ცოცხალია თუ არა, რა მდგომარეობაშია და რას აკეთებენ ექიმები მის გადასარჩენად ?
სწორედ ასეთ დროს სამედიცინო დაწესებულებისგან საზოგადოება ელოდება არა მხოლოდ პროფესიონალიზმს, არამედ ადამიანურ დამოკიდებულებას.
მაგრამ ,,GEO NEWS”-ის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, მძიმე ტრავმებით კლინიკაში გადაყვანილი პაციენტის ოჯახის წევრებისთვის „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ პირველივე საათები სწორედ ამ კუთხით აღმოჩნდა განსაკუთრებით მძიმე.
საქმე ეხება ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებლის ნათესავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მძიმე ტრავმებით „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადაიყვანა.
ოჯახის წევრების მონათხრობით, როდესაც პაციენტის ახლობლები კლინიკაში მივიდნენ, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ერთი რამ – მიეღოთ ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ და შესაძლებლობის ფარგლებში, ენახათ საკუთარი ნათესავი.
მათი თქმით, პასუხად მათ წინაშე პირველ რიგში დადგა არა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის, სადაზღვევო ანაზღაურებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საკითხები.
და სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მძიმე კითხვა :
როდის ხდება პაციენტი სამედიცინო დაწესებულებისთვის უპირველესად ადამიანი და როდის ფინანსური ვალდებულების მატარებელი ?
„ჯერ ფული, მერე პაციენტი?“ – ოჯახის მიერ აღწერილი პირველი საათები.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, კლინიკაში მისვლისას ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ, რა მდგომარეობაში იყო მძიმე ტრავმებით მიყვანილი მათი ახლობელი.
მათივე განცხადებით, სამედიცინო პერსონალის მხრიდან საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხებოდა იმას, თუ როგორ დაფინანსდებოდა მკურნალობა, ჰქონდათ თუ არა თანხა პაციენტის ნათესავებს და სად იყო პაციენტის პირადობის მოწმობა, რათა სადაზღვევო კომპანიაში შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნა მომხდარიყო.
ფინანსური და სადაზღვევო საკითხები, რა თქმა უნდა, სამედიცინო მომსახურების რეალური ნაწილია, მაგრამ პრობლემა სწორედ თანმიმდევრობაშია.
თუ ადამიანი მძიმე ტრავმით სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი უახლოესი ნათესავი კი კლინიკაში სასოწარკვეთილი ცდილობს გაარკვიოს, გადაურჩა თუ არა მისი ახლობელი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას, ბუნებრივად ჩნდება კითხვა :
უნდა იყოს თუ არა ამ მომენტში ოჯახის პირველი კომუნიკაცია სალაროსთან და არა ექიმთან ?
ეს კითხვა განსაკუთრებით მწვავედ დგება მაშინ, როდესაც თავად ოჯახი აცხადებს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელემენტარული ინფორმაციის მიღება მათთვის რთული აღმოჩნდა, თუ არ ვიტყვით შეუძლებელი პირველი საათების განმავლობაში, საპატრულო პოლიციის მოსვლამდე ( ამაზე ვრცლად მომდევნო სტატიაში ) .
საქართველოს კანონმდებლობა პაციენტის უფლებებთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო სტანდარტს ადგენს.
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია, მათ შორის სამედიცინო მომსახურების რესურსების, მათი მიღების სახეებისა და საფასურის შესახებ, რაც არსებული ნორმატიული ბაზისა და სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ამავე უფლებებით აღჭურვილს ხდის პაციენტის ნათესავსა თუ ოჯახის წევრს, რომელიც ადგილზე იმყოფება.
ანუ კანონი არც ფინანსური ინფორმაციის მიწოდებას გამორიცხავს და არც კლინიკის ეკონომიკურ ინტერესს უარყოფს.
მაგრამ სამედიცინო ურთიერთობა მხოლოდ ფინანსური ხელშეკრულება არ არის – მის ცენტრში დგას პაციენტი.
მძიმე ტრავმა და ოჯახის უფლება იცოდეს, რა ხდება :
აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხი ჩნდება.
საქართველოს კანონის მიხედვით, ქმედუნარიან პაციენტს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაასახელოს ის პირი, რომელსაც ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის როდესაც პაციენტი მცირეწლოვანია ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, შესაბამისი უფლებები შეიძლება ჰქონდეს ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, როგორც ზემოთ აღინიშნა.
ეს ნიუანსი მნიშვნელოვანია.
კლინიკას, რა თქმა უნდა, არ შეუძლია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ნებისმიერ პირს გაუმჟღავნოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია პაციენტის უფლებამოსილ ახლობელს საერთოდ არ აუხსნას, რა სამართლებრივი საფუძვლით ეუბნება უარს ინფორმაციაზე.
კანონი ასევე ადგენს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის ან მისი მოცულობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას შესაბამისი პროცედურული საფუძველი უნდა ჰქონდეს და ასეთი გადაწყვეტილება სამედიცინო დოკუმენტაციაში უნდა ფიქსირდებოდეს.
ამიტომ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით კლინიკას აქვს შესაძლებლობა და, ჩვენი შეფასებით, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვალდებულებაც – განმარტოს :
-ვინ მიიღო გადაწყვეტილება ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის შესახებ;
–რა საფუძვლით შეიზღუდა ინფორმაცია;
-იყო თუ არა პაციენტის თანხმობა ან სხვა სამართლებრივი საფუძველი;
–არსებობდა თუ არა გადაუდებელი სამედიცინო გარემოება, რომელიც ოჯახის წევრების დაუყოვნებლივ დაშვებას გამორიცხავდა;
და რა იყო იმ მომენტში კლინიკის ოფიციალური პროტოკოლი.
ეს კითხვები არ არის თავდასხმა ექიმებზე, პირიქით ეს არის ელემენტარული ანგარიშვალდებულების მოთხოვნა.
როდესაც კომუნიკაცია კონფლიქტში გადაიზარდა :
ოჯახის მონათხრობის ყველაზე მძიმე ნაწილი სწორედ ამის შემდეგ იწყება.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებლის მოთხოვნაზე, რომ კლინიკის პერსონალს მიეწოდებინა ინფორმაცია მისი ნათესავის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მორიგემ და მიმღების პასუხისმგებელმა ექიმმა, სახელად მარიანამ, შექმნა კონფლიქტური ვითარება.
ოჯახის ვერსიით, საუბარი იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე პატრულის გამოძახება გახდა საჭირო.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს : ,,GEO NEWS” ამ ეტაპზე არ წარმოადგენს ოჯახის მიერ აღწერილ გარემოებებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებად. ეს არის ინციდენტის მონაწილე ოჯახის ვერსია, რომლის მეორე მხარის პოზიციის მიღებაც აუცილებელია.
თუმცა, სწორედ ამიტომ ჩნდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა :
-რა მოხდა სინამდვილეში კლინიკის მიმღებში ?
-ჰქონდა თუ არა ადგილი ოჯახის წევრების შეურაცხყოფას ?
-ვინ მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება ?
-რატომ გახდა საჭირო პოლიციის გამოძახება ?
-არსებობს თუ არა ვიდეოკამერის ჩანაწერები ?
და თუ არსებობს, მზად არის თუ არა კლინიკა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის ფარგლებში, უზრუნველყოს მათი შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემა ?
ეს უკვე აღარ არის მხოლოდ „ოჯახური კონფლიქტის“ ამბავი.
როდესაც ინციდენტი სამედიცინო დაწესებულებაში ხდება და საქმე პოლიციის ჩარევამდე მიდის, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი იცოდეს, რა გახდა ამის მიზეზი.
„გლობალმედი“ – დიდი კლინიკა, დიდი პასუხისმგებლობა ?
„გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“ შემთხვევითი პატარა სამედიცინო კაბინეტი არ არის.
საჯარო მონაცემებით, კლინიკის საიდენტიფიკაციო კოდია 402101328, მისამართი – თბილისი, კოსმონავტების სანაპირო №45ა. კლინიკა მოქმედებს სააქციო საზოგადოების ფორმით და საჯარო ბიზნეს-რეგისტრში სახელწოდებით „სს გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“ ფიქსირდება.
ამავე იდენტიფიკატორით კომპანია ადრე „სს გერმანული ჰოსპიტალის“ სახელით იყო ცნობილი.
ამიტომ სახელის ცვლილება ვერ ცვლის ერთ მნიშვნელოვან გარემოებას :
დიდი სამედიცინო დაწესებულების მთავარი კაპიტალი მხოლოდ მისი შენობა, აპარატურა ან ექიმების კვალიფიკაცია არ არის – მისი მთავარი კაპიტალი ნდობაა და ნდობა ყველაზე რთულ მდგომარეობაში მოწმდება.
არა მაშინ, როდესაც პაციენტი გეგმიური ვიზიტით მიდის ექიმთან, არამედ მაშინ, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა მძიმე ტრავმირებული ადამიანით საავადმყოფოს კართან ჩერდება.
ხელმძღვანელობამ უნდა უპასუხოს :
საჯარო წყაროებში სოფიო ბაბუციძე კლინიკის დირექტორად ფიქსირდება. ამასთან, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სასამართლო დოკუმენტში, რომელიც კლინიკის გადახდისუუნარობის/რეაბილიტაციის საკითხს ეხება, ასევე მითითებულია, რომ სოფიო ბაბუციძე დირექტორის სტატუსით დარჩა კლინიკის მართვაში.
ეს გარემოება კონკრეტულ ინციდენტში მისი პირადი პასუხისმგებლობის მტკიცებულება არ არის, მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა მიმართოს საზოგადოებამ კითხვით კლინიკის ხელმძღვანელობას და არა რომელიმე რიგით თანამშრომელს.
თუ დაწესებულებაში პაციენტის მძიმე ტრავმით მიღების შემდეგ ოჯახსა და სამედიცინო პერსონალს შორის ისეთი დაპირისპირება მოხდა, რომ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, ხელმძღვანელობამ უნდა შესძლოს პასუხის გაცემა :
-რა მოხდა ?
-არა მხოლოდ „ვინ იყო დამნაშავე“.
-არა მხოლოდ „ვინ გამოიძახა პოლიცია“.
-არამედ :
-როგორ იმუშავა კლინიკის პაციენტთან და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის სისტემამ ?
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – კლინიკის ფინანსური მდგომარეობა.
არსებობს კიდევ ერთი საჯარო გარემოება, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება.
2025 წელს „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით. სასამართლომ განცხადება დასაშვებად ცნო და კლინიკის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმი გახსნა. იმავე დოკუმენტში აღნიშნულია გადახდისუუნარობის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობები, ხოლო კლინიკის დირექტორად სოფიო ბაბუციძე დარჩა.
ეს ფაქტი თავისთავად არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პაციენტების მიმართ კლინიკის დამოკიდებულება ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა.
ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ სწორედ ამიტომ არის საზოგადოებისთვის საინტერესო, რა ადგილი უჭირავს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობას კლინიკის მიღების პროცედურებში.
თუ კლინიკას აქვს ფინანსური ვალდებულებები და გადახდისუუნარობის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი, პაციენტის მომსახურების საფასური, დაზღვევა და საგარანტიო მექანიზმები, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი საკითხებია.
მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებამ არ უნდა გადაკვეთოს :
ფინანსური ადმინისტრირება ვერ უნდა იქცეს პაციენტის ან მისი ოჯახის წევრების ადამიანური ღირსებისა და სამედიცინო საჭიროებების უკანა პლანზე გადაწევის მიზეზად.
და მთავარი კითხვა :
რა უფრო მნიშვნელოვანია – პირადობის მოწმობა თუ ადამიანის მდგომარეობა, რომელზეც საათების განმავლობაში არ ხდება იქ მყოფი დასტრესილი ახლობლების ინფორმირება ?
როგორც ჩანს, კლინიკისთვის მეასე ხარისხოვანია იმ ნათესავების ინფორმირება და დამშვიდება, რომელთა გარეშეც ეს კონკრეტული პაციენტი საერთოდ არ გახდებოდა პაციენტი ,,ფულზე მონადირე” ,,გლობალმედის”, რამეთუ, სწორედ ამ ნათესავებმა უზრუნველყვეს სასწრაფო დახმარების გამოძახება და პაციენტის კლინიკაში გადაყვანა.
ოჯახის მიერ აღწერილ ამბავში ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური დეტალი სწორედ პაციენტის პირადობის მოწმობის საკითხია.
ოჯახის განცხადებით, მათგან დაინტერესდნენ, სად იყო დოკუმენტი, რათა სადაზღვევო კომპანიაში შესაბამისი მოთხოვნა გაგზავნილიყო.
სადაზღვევო მოთხოვნის ადმინისტრირება შეიძლება სრულიად ლეგიტიმური პროცედურა იყოს, მაგრამ ჟურნალისტური კითხვა მაინც რჩება :
როდესაც ადამიანი მძიმე ტრავმებით არის მიყვანილი კლინიკაში, რა არის პირველი კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან – „როგორ არის თქვენი ახლობელი?“ თუ „სად არის მისი პირადობის მოწმობა ?“
სწორედ ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს სამედიცინო მომსახურების კულტურას.
მედიცინა ბიზნესი შეიძლება იყოს.
კლინიკა შეიძლება იყოს კერძო კომპანია.
მკურნალობას შეიძლება ჰქონდეს ფასი.
სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობას შეიძლება ჰქონდეს თავისი რთული ადმინისტრაციული პროცედურები.
მაგრამ ადამიანის კანონიერ მოლოდინსა და ღირსებას არ უნდა ჰქონდეს სალაროს რიგი.
ჩვენ არ ვითხოვთ პრივილეგიას – ვითხოვთ იმას, რაც ნებისმიერ ოჯახს ეკუთვნის.
აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი არ ითხოვს სპეციალურ მოპყრობას იმიტომ, რომ ის მედიის წარმომადგენელია. არც ის არის ამ სტატიის მიზანი, რომ ჟურნალისტის ან მედიაპლატფორმის სტატუსმა ვინმეს განსაკუთრებული პრივილეგია მისცეს, პირიქით – თუ იგივე რამ შეიძლება ნებისმიერ სხვა ოჯახს დაემართოს, პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულია.
მედიის წარმომადგენლისთვის შექმნილი პრობლემა მხოლოდ იმიტომ არ უნდა იყოს საინტერესო, რომ საქმე ,,GEO NEWS” ეხება – ის საინტერესოა იმიტომ, რომ აჩენს სისტემურ კითხვას :
-როგორ ექცევა ქართული კერძო მედიცინა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ოჯახს ?
-რამდენად მკაფიოა კომუნიკაციის პროტოკოლი ?
-ვინ აწვდის ინფორმაციას ?
-რა შემთხვევაში ეძლევა ოჯახის წევრს პაციენტის ნახვის შესაძლებლობა ?
-როგორ ხდება უარის განმარტება ?
-ვინ აგვარებს ფინანსურ საკითხებს ?
და რაც ყველაზე მთავარია : არსებობს თუ არა სიტუაცია, როდესაც ფინანსური საკითხი ოჯახის წევრისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელემენტარული ინფორმაციის მიღებაზე ადრე დგება ?
„პაციენტი ჯერ – ფინანსები შემდეგ“ :
-საზოგადოებას არ სჭირდება დაპირებები.
-არც ლამაზი სარეკლამო ფრაზები.
-არც პრიალა ვიდეო-რგოლები.
საზოგადოებას სჭირდება პასუხი კონკრეტულ კითხვებზე.
,,GEO NEWS” მზად არის გამოაქვეყნოს კლინიკის ოფიციალური პოზიცია სრული სახით, თუ „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“ გადაწყვეტს, განმარტოს მომხდარი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კლინიკის ვერსიის მოსმენაც.
თუ ოჯახის მონათხრობში რაიმე ფაქტობრივი უზუსტობაა, კლინიკას აქვს შესაძლებლობა მიუთითოს კონკრეტულად, რა არის მცდარი.
-თუ არსებობდა პაციენტის კონფიდენციალურობის დაცვის სამართლებრივი საფუძველი, ესეც უნდა განმარტოს.
-თუ ოჯახის წევრების ქცევამ შექმნა კონფლიქტი, კლინიკამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი ვერსია.
-თუ სამედიცინო პერსონალის მოქმედება იყო შესაბამისი პროტოკოლის ფარგლებში, საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.
მაგრამ პასუხი აუცილებელია.
რადგან როდესაც მძიმე ტრავმირებული ადამიანი საავადმყოფოში ხვდება, ოჯახის წევრები არ უნდა აღმოჩნდნენ გაურკვევლობის მდგომარეობაში.
-მათ შეიძლება არ ჰქონდეთ სამედიცინო განათლება.
-შეიძლება არ იცოდნენ სადაზღვევო პროცედურები.
-შეიძლება არ ჰქონდეთ საკმარისი თანხა.
-შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ თან პაციენტის პირადობის მოწმობა.
მაგრამ მათ აქვთ ერთი რამ, რაც ნებისმიერ ადამიანს აქვს : უფლება მოითხოვონ ადამიანური მოპყრობა და კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღება.
საბოლოოდ – ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტია :
„გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკას“ აქვს შესაძლებლობა ამ ამბავს შეხედოს როგორც უსიამოვნო ეპიზოდს და უბრალოდ უარყოს ოჯახის ბრალდებები, ან შეუძლია გააკეთოს უფრო მნიშვნელოვანი რამ :
-დეტალურად განმარტოს, რა მოხდა.
საზოგადოებას სწორედ ეს სჭირდება.
იმიტომ, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებლის ნათესავს, საქმე ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც ოდესმე შეიძლება აღმოჩნდეს სასწრაფო დახმარების მანქანაში.
ყველა იმ დედას, მამას, მეუღლეს, შვილს ან ნათესავს, რომელიც ღამით საავადმყოფოს მიმღებში დადგება და მხოლოდ ერთ კითხვას დასვამს :
-„როგორ არის ჩემი ადამიანი ?“
და ამ კითხვაზე პასუხი არ უნდა იწყებოდეს სალაროს ,,ჩეკით”;
-არ უნდა იწყებოდეს პირადობის მოწმობის ძებნით;
-არ უნდა იწყებოდეს დაპირისპირებით;
-უნდა იწყებოდეს ექიმის ადამიანური პასუხით :
„აი, რა ვიცით ამ წუთისთვის თქვენი ოჯახის წევრის მდგომარეობის შესახებ.“
სწორედ აქ იწყება მედიცინის პროფესიული ეთიკა და სწორედ აქ უნდა იწყებოდეს პაციენტის ღირსების დაცვა.
,,GEO NEWS” განაგრძობს ამ საკითხის შესწავლას და კლინიკის ოფიციალურ პოზიციასაც გამოაქვეყნებს, თუ იგი წარმოდგენილი იქნება.
,,GEO NEWS”-ის პოზიცია მარტივია :
მძიმე ტრავმით კლინიკაში მოხვედრილი ადამიანი პირველ რიგში პაციენტია და მხოლოდ ამის შემდეგ სადაზღვევო, ადმინისტრაციული ან ფინანსური საკითხის მონაწილე.
P.S. მკითხველს უნდა ვაუწყოთ ისიც, რომ ეს კონკრეტული კლინიკა პირველად არ ხვდება ჩვენი მედიის ჟურნალისტური გამოძიების ობიექტივში.
დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩვენ მოვამზადეთ საგამოძიებო მასალა ამ კლინიკაში არსებული მრავალი სერიოზული პრობლემის თაობაზე, განსაკუთრებით კი იმაზე, რომ აგრესია ამ დაწესებულების სამარკო ნიშანი იყო. ამის თაობაზე გვქონდა კლინიკის დირექტორთან და მენეჯმენტთან პირადი შეხვედრა და მივიღეთ დაპირება, რომ ყველა პრობლემებს დროულად მოევლებოდა, შედეგად არ გამოვაქვეყნეთ მასალა, რადგან მივეცით შანსი ახალ მენეჯმენტს, ვინაიდან ჩვენი მიზანი პრობლემის მოგვარება და არა მხოლოდ მხილებაა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ამ მასალის არქივიდან ამოღება და გამოქვეყნება დღეს უკვე აუცილებელია.
( გაგრძელება იქნება )
ირაკლი მაისურაძე
,,GEO NEWS”





