
ფოლადი ფორმაში და ფიცის ერთგულება – პოლიციის დღე, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის სიმბოლო
31 მაისს, კახეთის გზატკეცილზე მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ გამართული პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ კალენდარული თარიღის, პროფესიული დღესასწაულის ტრადიციული აღნიშვნა – ეს გახლდათ სახელმწიფოს, მისი ფუნდამენტური ინსტიტუტებისა და სამართალდამცავი სისტემის ურყევი ერთიანობის, ძლიერებისა და მონოლითურობის მკაფიო დემონსტრირება.
საღამოს სინათლის მიჯნაზე დაწყებულ საზეიმო ცერემონიალს განსაკუთრებული, თითქმის მისტიკური აურა დაჰკრავდა, რაც იქ მყოფმა საკუთარი თვალით ვიხილე.
ღონისძიებას სრული შემადგენლობით ესწრებოდა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები.
ტრიბუნიდან შეკრებილ საზოგადოებასა და სამშობლოს წინაშე მდგარ მწკრივებს მრავლისმთქმელი და სტრატეგიული გზავნილებით მიმართეს :
საქართველოს პრემიერ-მინისტრა, ირაკლი კობახიძემ,
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა,
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა,
შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„მე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და მთავრობის მხარდაჭერა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სამართალდამცავი სისტემა.
მინდა, დიდი პატივისცემით მივმართო პოლიციის ვეტერანებს – ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურნენ ქვეყანას და შექმნეს ის გამოცდილება, რასაც დღევანდელი ქართული პოლიცია ეფუძნება. ასევე, განსაკუთრებულად მინდა, მივულოცო ეს დღე პოლიციელების ოჯახებს, რადგან სწორედ ოჯახის წევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობასა და სირთულეებს, რაც თან სდევს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს. გისურვებთ წარმატებას განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო და საამაყო საქმეში“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მინისტრის თქმით, პოლიციელის დღე არის ერთგულების, თავდადებისა და სიმამაცის სიმბოლო.
,,დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მაქვს პატივი, თქვენ წინაშე პირველად ვიდგე მინისტრის რანგში, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მე აქ ვდგავარ, როგორც პოლიციელი. მე ვიცი, რას ნიშნავს, ატარო პოლიციელის ფორმა, ვიცი, რამხელა თავგანწირვა და პასუხისმგებლობა დგას თითოეული პოლიციელის უკან”, – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად სწორედ სამართალდამცველების თავდადებით შენდება და ძლიერდება.
„პოლიციელობა ნიშნავს, სხვისი სიცოცხლე და უსაფრთხოება საკუთარ თავზე წინ დააყენო. ქედს ვიხრი ჩვენი გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსახურს შესწირა. მათი სახელები და თავგანწირვა ყოველთვის დარჩება ჩვენი სახელმწიფოს ღირსებისა და ისტორიის ნაწილად. გთხოვთ, პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული პოლიციელების უკვდავ ხსოვნას. პოლიციელობა არ არის მხოლოდ პროფესია. ეს არის არჩევანი, ემსახურო სახელმწიფოს და ყველაზე რთულ დროსაც იდგე იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდები. სწორედ ამიტომ თქვენ უნდა ამაყობდეთ იმით, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად თქვენი თავდადებით შენდება და ძლიერდება“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
„განსაკუთრებით ეს ეხება ორგანიზებულ და კორუფციულ დანაშაულსა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის. ამის უმთავრესი დასტური პოლიციის მაღალი რეპუტაცია და პოლიციის მიმართ ქართველი ხალხის გამორჩეული ნდობაა. მადლობას ვუხდი თქვენს ოჯახებს, რომლებიც ამ ურთულეს გზაზე თქვენი მთავარი დასაყრდენი არიან და თქვენთან ერთად იზიარებენ ამ დიდ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
,,ძვირფასო პოლიციელებო, გილოცავთ პოლიციელის დღეს. მსურს, განსაკუთრებული მადლიერებით მოგმართოთ თითოეულ თქვენგანს – ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური და დაუღალავი შრომით ერთგულად ემსახურებით საქართველოს, მის სახელმწიფოებრიობას, კანონის უზენაესობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სწორედ პოლიციელების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ საზოგადოებას დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა აქვს.
„პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემასა და სრულ მხარდაჭერას თითოეული თქვენგანის მიმართ. პოლიციელის პროფესია განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პრინციპულობასა და უდიდეს თავდადებას მოითხოვს. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სამაგალითონი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სახელმწიფო, რომელიც საკუთარ დამცველებს პატივს სცემს !
მე, როგორც ჟურნალისტი და ამ ქვეყნის მოქალაქე, 31 მაისს ღონისძიებას პირადად, ეპიცენტრიდან ვესწრებოდი. უნდა ვაღიარო – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ემოციურად დამუხტული და უმაღლესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მინახავს.
არსებობს წუთები, როდესაც ჰაერში სიამაყის განცდა ფიზიკურად იგრძნობა და დღევანდელი საღამო ზუსტად ასეთი იყო.
როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ ათასობით ადამიანი – სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის ოფიცრები, სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები ( რომლებიც ქვეყნის ღია ჭრილობებს საკუთარი მკერდით იცავენ ) , განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მებრძოლები და ჭაღარაშერეული ვეტერანი სამართალდამცველები – მხარდამხარ, ერთ მწკრივად იდგნენ, თვალნათლივ გააცნობიერებდი – პოლიცია მხოლოდ სტრუქტურა ან უწყება არ არის. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის ყოველდღიურ, ხშირად თავგანწირულ საქმიანობაზეც დგას ამ ქვეყნის სტაბილურობა, მშვიდობა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ისინი არიან ფარი ჩვენსა და ქაოსს შორის.
განსაკუთრებული და ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ღონისძიებაზე ხელისუფლების ყველა ძირითადი შტო კოორდინირებულად და ერთსულოვნად იყო წარმოდგენილი. პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ერთ სივრცეში, პოლიციელთა გვერდით ყოფნა, არ ყოფილა უბრალო პროტოკოლი. ეს იყო სიმბოლური, თუმცა უმძლავრესი ხაზგასმა იმისა, რომ სამართალდამცავი სისტემა ქვეყნის უზენაეს საყრდენ მექანიზმად და სუვერენიტეტის გარანტად განიხილება.
პროფესია, რომელიც ბედისწერად იქცევა :
თანამედროვე, ტექტონიკური ძვრებითა და ჰიბრიდული საფრთხეებით აღსავსე მსოფლიოში, სადაც უსაფრთხოების გამოწვევები დღითიდღე უფრო რთულ, მრავალშრიან და არაპროგნოზირებად ხასიათს იძენს, პოლიციელის პროფესია დიდი ხანია გასცდა ჩვეულებრივი სამსახურის ჩარჩოებს. დღეს ეს ხელობა განსაკუთრებულ, თითქმის ზეადამიანურ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება.
სწორედ ამიტომ, საოცრად რეზონანსული და სულში ჩამწვდომი აღმოჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მთავარი გზავნილი. მან თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციელობა არ არის უბრალოდ პროფესიული არჩევანი ან სამუშაო ადგილი – ეს არის უზენაესი იდეის, სახელმწიფოს სამსახურის გააზრებული ხვედრი. ეს არის მუდმივი მზადყოფნა იმისა, რომ ყველაზე კრიტიკულ, რთულ და სახიფათო წამს იდგე ზუსტად იქ, სადაც ქვეყანას და ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება შენი ფიზიკური თუ მორალური ყოფნა.
როგორც მედიის წარმომადგენელს, რომელიც წლების განმავლობაში შიგნიდან, მიუკერძოებლად აკვირდება ქვეყნის პოლიტიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ ტრანსფორმაციებს, მტკიცედ მწამს – შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის შეფასებისას მშრალი სტატისტიკა, ციფრები და პროცენტული მაჩვენებლები არასოდესაა საკმარისი. ციფრებს არ აქვთ სული.
ნამდვილი, უტყუარი საზომი არის ის უხილავი, მაგრამ ხელშესახები შეგრძნება, თუ რამდენად დაცულად, მშვიდად გრძნობს თავს რიგითი მოქალაქე საკუთარ სახლში, ქუჩაში, სამშობლოში.
აი, ეს ორმხრივი ნდობა და ხალხის სიყვარულია სამართალდამცავი სისტემის ყველაზე დიდი, შეუფასებელი კაპიტალი, რომელსაც ვერცერთი რეფორმა ვერ იყიდის, თუ ის გულით არ მოიპოვე.
ღონისძიების დასასრულ მინისტრმა გორში მომხდარ ინციდენტზე გააკეთა კომენტარი.
თამაზაშვილის თქმით, საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია გორში მომხდარი ფაქტის მიმართ, ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა.
„გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა, ფაქტი, თუმცა მიმაჩნია, რომ დღეს საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა. საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ. სულ ეს არის, რაც შემიძლია, დღეს ვთქვა“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ეპილოგი :
ფორმაში ჩაცმული ღირსება
გუშინდელი საღამო იყო უდიდესი მადლიერებისა და პატივისცემის აქტი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად , ხშირად საზოგადოების თვალისთვის სრულიად უხილავად, ღამისთევისა და პირადი ცხოვრების დათმობის ფასად, იცავენ წესრიგს, კანონის უზენაესობასა და თითოეული ჩვენგანის სიმშვიდეს.
ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ, სრულიად ახალი რაკურსით დაგვანახვა, რომ ძლიერი, შეუდრეკელი სახელმწიფო არ შენდება მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაციებით, ტრიბუნებიდან წარმოთქმული ხმამაღალი განცხადებებით ან ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიებით. მას საკუთარი ხელით, აგურ-აგურ ქმნიან ადამიანები ფორმაში. ადამიანები, რომლებიც საკუთარი პროფესიული და ფიცისმიერი მოვალეობის შესრულებისას, სასწორზე დებენ პირად კომფორტს, ჯანმრთელობას და, თუ საჭირო გახდა – საკუთარ სიცოცხლესაც კი.
პოლიციის დღე 2026 წელს სწორედ ამ უზენაესი, წმინდა იდეის გარშემო გაერთიანდა :
სახელმწიფოს უანგარო სამსახური;
უმაღლესი პროფესიონალიზმი;
ურყევი პასუხისმგებლობა და მარადიული ერთგულება ქვეყნის წინაშე.
და თუ ამ საოცარი, ემოციური საღამოდან ჩემს გულში ერთი მთავარი, წარუშლელი შთაბეჭდილება უნდა დარჩეს, ეს იქნება აბსოლუტური განცდა და რწმენა იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სისტემა საკუთარ ისტორიულ და ინსტიტუციურ როლს დღეს, როგორც არასდროს, სულ უფრო მკაფიოდ, ამაყად და თავდაჯერებულად წარმოაჩენს. საქართველო დაცულია, რადგან მის სადარაჯოზე ღირსება დგას.
ფოტოკოლაჟი :




ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





